რესინქრონიზატორის იმპლანტაცია უზრუნველყოფს გულის რესინქრონიზაციულ თერაპიას (CRT), რომელიც ხორციელდება სამკამერიანი პეისმეიკერის საშუალებით. ის შეიძლება იყოს დეფიბრილატორის ფუნქციებით აღჭურვილი (რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორი, CRT-D), ან მის გარეშე (CRT-P). თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სამიზნე პაციენტების დიდ უმეტესობას აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა, ძირითადად ხდება რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
ზოგჯერ გულის უკმარისობის დროს პარკუჭები იკუმშება ასინქრონულად, რაც მნიშვნელოვნად არღვევს გულის ტუმბოს ფუნქციას – მცირდება გულიდან გადასროლილი სისხლის მოცულობა და ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. სამკამერიანი პეისმეიკერი ეხმარება თქვენს გულს შეიკუმშოს სინქრონულად:
- ბივენტრიკულური სტიმულაცია – ის ორივე პარკუჭს ერთდროულად აწვდის იმპულსებს, რითიც აღადგენს გულის სინქრონულ მუშაობას;
- საშუალებას გვაძლევს მოხდეს წინაგულებისა და პარკუჭების ოპტიმალური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის ღრუების სიხლით ავსებას.
სამკამერიანი პეისმეიკერის ეს დადებითი თვისებები მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობაში. პარკუჭების ასინქრონულ შეკუმშვას ძირითადად ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა იწვევს.
რესინქრონიზატოორი შედგება 2 ძირითადი კომპონენტისგან:
- იმპულსის წარმომქმნელი;
- სამი ელექტროდი.
იმპულსის წარმომქმნელი არის პატარა მეტალის კოლოფი. ის შედგება ბატარიისაგან და მცირე კომპიუტერისაგან, რომელიც არეგულირებს იმპულსების გაგზავნას გულისკენ.
ელექტროდები არის იზოლაციის მქონე მავთული, რომლის ერთი ბოლო დაკავშირებულია იმპულსის წარმომქმნელთან, ხოლო მეორე გულის რომელიმე საკანთან. ელექტროდები თითქმის ყოველთვის განთავსებულია გულმკერდის დიდ ვენებში, რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ გზას იმპულსის წარმომქმნელის ჯიბესა და გულს შორის, რაც თავიდან გვაცილებს ფართომაშტაბიან ოპერაციას და განაპირობებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურის გაკეთებას მხოლოდ პატარა განაკვეთით (6-7სმ). იმპულსის წარმომქმნელის ჯიბე კეთდება კანქვეშ, როგორც წესი, გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწის ძვლის ქვევით, უმეტესწილად მარცხნივ. მასში ხდება იმპულსის წარმომქმნელის განთავსება. ელექტროდებით ხდება იმპულსების მიწოდება გულისკენ, რაც საბოლოო ჯამში გულის კუნთის შეკუმშვას იწვევს. ასევე გულის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკან იმპულსის წარმომქმნელისკენ. ელექტროდების განთავსება ხდება მარჯვენა წინაგულში, მარჯვენა პარკუჭში და მარცხენა პარკუჭში.
იმპულსის წარმომქმნელი პერიოდულად ამოწმებს როგორც თავისივე, ისე ელექტროდების ფუნქციონირებას. თუ აღმოაჩენს რაიმე დარღვევას, ეცდება თავადვე გაასწოროს, ან კლინიკაში ვიზიტისას რესინქრონიზატორის შემოწმების დროს ინფორმაციას ამის შესახებ აუცილებლად მიაწვდის ექიმს. ექიმი რესინქრონიზატორის ფუნქციონირების შესამოწმებლად იყენებს სპეციალურ კომპიუტერს, რომელსაც ჰქვია პროგრამერი და საჭიროების შემთხვევაში ცვლის პარამეტრებს.
გახსოვდეთ:
- რესინქრონიზატორი დადებით შედეგს გვაძლევს 10 გულის უკმარისობის მქონე პაციენტიდან მხოლოდ 7-ში.
- თუ თქვენ გაქვთ მსუბუქად ან საშუალოდ გამოხატული ქრონიკული გულის უკმარისობა, თქვენ უნდა ელოდოთ მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
- და პირიქით, შედეგი მინიმალურია თუ თქვენ გაქვთ მკვეთრად გამოხატული ქრონიკული გულის უკმარისობა და იშემიური დაავადება. მსგავს შემთხვევაში ექიმმა შეიძლება უარი გითხრათ პროცედურის ჩატარებაზე, რადგან ზოგჯერ პროცედურის რისკები აჭარბებს დადებითი შედეგის ალბათობას.