კარდიოვერსია არის არითმიის გაჩერება ელექტრული დენის დახმარებით ან მედიკამენტურად, რომელიც გადატვირთავს თქვენი გულის ელექტეულ სისტემას და ის თავიდან იწყებს მუშაობას.
გამოყოფენ კარდიოვერსიის ორ სახეს:
1. ელექტრული კარდიოვერსია, როდესაც არითმიის გასაჩერებლად გამოიყენებენ ელექტრული დენს.
2. მედიკამენტური კარდიოვერსია, როდესაც არითმიის გასაჩერებლად გამოიყენებენ მედიკამენტებს.
ელექტრულ კარდიოვერსიას აზრი აქვს, როდესაც არითმია მდგრადია და გრძელდება დროში გახანგრძლივებულად. თუ არითმია პერიოდულად თავად ჩერდება და იწყება, როგორც წესი მსგავს პაციენტებში ელექტრული კარდიოვერსია არაეფექტურია და რეკომენდებულია მედიკამენტური კარდიოვერსია, ან და კათეტერული აბლაცია.
ელექტრული კარდიოვერსიის წარმოება ხდება როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ რეჟიმში.
გადაუდებელი ელექტრული კარდიოვერსია გამოიყენება არითმიის მიზეზით განვითარებული სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობების დროს. ეს არითმიები შეიძლება იყოს: წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭთა ფიბრილაცია და სხვა.
რაც შეეხება გეგმიურ კარდიოვერსიას, ის გამოიყენება ისეთი არითმიების დროს, როდესაც ამ არითმიების არსებობის გამო პროგნოზულად დროში გახანგრძლივებულად მოსალოდნელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება.
გეგმიური ელექტრული კარდიოვერსიის ძირითადი სამიზნე, როგორც წესი, წინაგულთა ფიბრილაცია და წინაგულთა თრთოლვაა.