კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD) არის პატარა ელექტრული მოწყობილობა, რომელიც დაკავშირებულია გულთან. მისი მთავარი ფუნქციაა გულის ელექტრული სისტემის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი, სიცოცხლისთვის საშიში არითმიების აღმოჩენა და მათი გაჩერება.
ტრანსვენური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია ჩვეულებრივ ხდება გულმკერდის წინა ზედაპირზე უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ კანქვეშ. ის შედგება იმპულსის წარმომქმნელისა და ელექტროდებისაგან. იმპულსის წარმომქმნელი შედგება ელემენტისა და პატარა კომპიუტერისაგან. ელექტროდები იმპულსის წარმომქმნელს გულმკერდის დიდი ვენების გავლით აკავშირებენ გულის სახვადასხვა კამერასთან.
სიცოცხლისთვის საშიში არითმიების (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია) გაჩერება ხდება სწრაფი ანტიტაქიკარდიული ელექტრული სტიმულაციით, ან ელექტრული შოკის მეშვეობით, რაც გულს საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. სწორედ ეს ფუნქციები განაპირობებს იმას, რომ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს დღემდე ალტერნატივა არ აქვს უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციაში. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ასევე იწერს და ინახავს სხვადასხვა ინფორმაციას თქვენი გულის მუშაობის შესახებ, რასაც ექიმი აუცილებლად ნახავს მისი შემოწმების დროს.
სურათზე ნაჩვენებია კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მიერ ელექტრული შოკით გაჩერებული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
როგორც წესი, სწრაფ ანტიტაქიკარდიულ სტიმულაციას პაციენტები ვერ გრძნობენ, ხოლო ელექტრულ შოკს აღწერენ როგორც “გულმკერდში დარტყმას“.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს შეთავსებული აქვს ჩვეულებრივი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) ყველა ფუნქცია. ჩათვალეთ რომ ის არის პეისმეიკერი დეფიბრილატორის ფუნქციებით. შესაბამისად პეისმეიკერის მსგავსად, არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი დეფიბრილატორი.