კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია

დეფიბრილატორის იმპლანტაცია

დეფიბრილატორის იმპლანტაცია არის მცირე ზომის ელექტრული მოწყობილობის ჩანერგვა კანქვეშ, რომელიც ვენების გავლით უკავშირდება გულს. მისი მთავარი ფუნქციაა გულის ელექტრული სისტემის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი, სიცოცხლისთვის საშიში არითმიების აღმოჩენა და მათი გაჩერება. ტრანსვენური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია ჩვეულებრივ ხდება გულმკერდის წინა ზედაპირზე უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ კანქვეშ. ის შედგება იმპულსის წარმომქმნელისა და ელექტროდებისაგან. იმპულსის წარმომქმნელი შედგება ელემენტისა და პატარა კომპიუტერისაგან. ელექტროდები იმპულსის წარმომქმნელს გულმკერდის დიდი ვენების გავლით აკავშირებენ გულის სახვადასხვა კამერასთან.

სიცოცხლისთვის საშიში არითმიების (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია) გაჩერება ხდება სწრაფი ანტიტაქიკარდიული ელექტრული სტიმულაციით, ან ელექტრული შოკის მეშვეობით, რაც გულს საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. სწორედ ეს ფუნქციები განაპირობებს იმას, რომ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს დღემდე ალტერნატივა არ აქვს უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციაში. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ასევე იწერს და ინახავს სხვადასხვა ინფორმაციას თქვენი გულის მუშაობის შესახებ, რასაც ექიმი აუცილებლად ნახავს მისი შემოწმების დროს.

დეფიბრილატორის იმპლანტაციასურათზე ნაჩვენებია კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მიერ ელექტრული შოკით გაჩერებული პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

როგორც წესი, სწრაფ ანტიტაქიკარდიულ სტიმულაციას პაციენტები ვერ გრძნობენ, ხოლო ელექტრულ შოკს აღწერენ როგორც “გულმკერდში დარტყმას“.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს შეთავსებული აქვს ჩვეულებრივი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) ყველა ფუნქცია. ჩათვალეთ რომ ის არის პეისმეიკერი დეფიბრილატორის ფუნქციებით. შესაბამისად პეისმეიკერის მსგავსად, არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი დეფიბრილატორი.

დეფიბრილატორის იმპლანტაცია

ყველაფერი დეფიბრილატორის იმპლანტაციაზე

რა არის უეცარი კარდიული სიკვდილი?

უეცარი კარდიული სიკვდილი ეს არის სწრაფი, აუხსნელი სიკვდილი. გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, არის ისეთი სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, როგორიცაა პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ფიბრილაცია. საბოლოო ჯამში ხდება გულის გაჩერება და წყდება სისხლის მიმოქცევა.

უეცარი კარდიული სიკვდილი ბიოლოგიური სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია. გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ნახევარს სწორედ რომ უეცარი სიკვდილი განაპირობებს. კაცებში სიხშირე 2-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. ბავშვებში ძალზე იშვიათი მოვლენაა.

გახსოვდეთ, უეცარი კარდიული სიკვდილი არ ნიშნავს მიოკარდიუმის ინფარქტს და ფილტვის ემბოლიას – “თრომბს”.

რისთვის მჭირდება კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი?

კარიოვერტერ-დეფიბრილატორი დაგიცავთ უეცარი კარდიული სიკვდილისგან, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის სიცოცხლისთვის საშიში არითმია  (პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ფიბრილაცია). მისი იმპლანტაცია რეკომენდირებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ უეცარი სიკვდილის მაღალი რისკი (პირველადი პრევენცია), ან უკვე ჰქონდათ პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ან პრაკუჭოვანი ფიბრილაციის (გულის გაჩერების) ეპიზოდი, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს (მეორადი პრევენცია).

უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის მქონე პაციენტებს ძირითადად წარმოადგენენ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული განდევნის ფრაქციით, თუმცა არის სხვა მიზეზებიც, რის გამოც ექიმმა შეიძლება კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია შემოგთავაზოთ.

არსებობს თუ არა გართულებების რისკი?

ჩვეულებრივ დეფიბრილატორის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა მასაც შეიძლება მოჰყვეს რიგი გართულებები.

 

აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია:

  • თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას,
  • თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე,
  • და თუ ხართ ალერგიული.

არსებობს სხვა სპეციფიკური რისკებიც, რაც დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, თუმცა მათი საერთო წილი ძალზე დაბალია.

თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული. პროცედურის წინ აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.

როგორ მოვემზადო პროცედურისთვის?

თქვენი ექიმი აგიხსნით პროცედურის დეტალებს და უპასუხებს თქვენს კითხვებს პროცედურის შესახებ.

რა საფეხურები უნდა გაიაროთ:

  • ექიმი მოგთხოვთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ხელი მოაწეროთ ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ფორმას. სანამ მოაწერთ ხელს, აუცილებლად გაეცანით დოკუმენტის შენაარს;
  • გააფრთხილეთ ექიმი, თუ ხართ მგრძნობიარე ან ალერგიული რომელიმე მედიკამენტზე: ლიდოკაინი, ანალგინი, იოდი, ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ;
  • პროცედურამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები და სითხე;
  • პროცედურის წინა ღამეს აუცილებლად მიიღეთ შხაპი;
  • თუ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
  • გააფრთხილეთ ექიმი ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებთ;
  • თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის გათხელებაზე, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ მათი მიღება პროცედურამდე რამოდენიმე დღით ადრე;
  • თუ თქვენ სამედიცინო ისტორიაში ფიგურირებს სისხლდენის ეპიზოდები, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
  • პროცედურის წინ ექიმი მოგთხოვთ რამოდენიმე სისხლის ანალიზის (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი) ჩაბარებას, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ექოკარდიოგრაფიის გაკეთებას, რათა ექიმი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც გაზრდის პროცედურის ეფექტურობას და თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს;
  • პროცედურა ჩვეულებრივ კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, როგორც წესი სრულიად უმტკივნეულოდ.  თუმცა თუ თქვენ ღელავთ, შეგიძლიათ ექიმი გააფრთხილოთ რომ პროცედურის წინ მოგცეთ დამამშვიდებელი მედიკამენტები;
  • თქვენი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმი შეიძლება თქვენს მდგომარეობას ინდივიდუალურად მიუდგეს.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

ჩვეულებრივ პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი  საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პროცედურის შესახებ:

  1. პროცედურამდე თქვენ შეიძლება მოგთხოვონ სამკაულებისა და სხვა ნივთების მოხსნა;
  2. ასევე მოგთხოვენ ტანსაცმლის გახდას და მოგცემენ სპეციალურ ხალათს;
  3. პროცედურის წინ სასურველია შარდის ბუშტის დაცლა;
  4. თუ თავზე გაქვთ გრძელი თმა, სასურველია მისი შეკვრა;
  5. თუ საოპერაციო არეები იქნება თმიანი, მოხდება მათი გაპარსვა და შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება;
  6. თქვენ ჩაგიყენებენ პერიფერიული ვენის კათეტერს, რომლის საშუალებითაც მოხდება წამლების, კონტრასტის ან სამკურნალო სითხეების შეყვანა;
  7. პროცედურამდე გაგიკეთებენ ანტიბიოტიკს ინტრავენურად, რათა მოხდეს ინფექციის რისკების შემცირება;
  8. თქვენ შეგიყვანენ საოპერაციოში როცა თქვენი რიგი მოვა;
  9. თქვენ დაგაწვენენ ზურგით საოპერაციო მაგიდაზე;
  10. თქვენს სხეულზე დაამაგრებენ რამოდენიმე კაბელს, რათა თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები (გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა) იყოს მუდმივი მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ;
  11. ასევე დიდი წებოვანი ელექტროდები დაგიმაგრდებათ ზურგზე ან ბარძაყის ზედაპირზე;
  12. პროცედურაზე ინტრავენურად გაგიკეთდებათ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის და შიშის მოხსნაში;
  13. როგორც წესი, იმპლანტაცია ხორციელდება გულმკერდის წინა ზედაპირზე, უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ არადომინანტური ხელის მხარეს, უპირატესად მარცხნივ. მემარცხენე პაციენტს სასურველია იმპლანტაცია ჩაუტარდეს მარჯვნივ;
  14. დეფიბრილატორის იმპლანტაციის არე კვლავ გაიწმინდება და დამუშავდება შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით;
  15. შემდგომ ექიმი საოპერაციო არის გარშემო მთელს სხეულზე გადაგაფარებთ სტერილურ საოპერაციო ნაჭრებს;
  16. ექიმი გამაყუჩებელს შეიყვანს კანქვეშ;
  17. როცა გამაყუჩებელი დაიწყებს მოქმედებას, ექიმი გააკეთებს პატარა განაკვეთს;
  18. გაკეთდება კანქვეშა ჯიბე, სადაც შემდგომში განთავსდება იმპულსის წარმომქმნელი;
  19. შემდგომ მოხდება ადგილობრივი დიდი ვენის (იღლიის ვენა, ლავიწქვეშა ვენა) ჩხვლეტა და ამ ვენაში სპეციალური მილის ჩაყენება, რომლის გავლითაც ხდება ელექტროდების შეყვანა გულის კამერებში;
  20. იმის მიხედვით თუ რამდენკამერიანი დეფიბრილატორის იმპლანტაცია გიტარდებათ, იმდენი სპეციალური მილის ჩაყენება ხდება ვენაში;
  21. ელექტროდების გულში შეყვანის და მიმაგრების კონტროლი ხდება რენტგენოსკოპიის საშუალებით;
  22. ელექტროდების შესაბამის პოზიციებზე დამაგრების და ნორმალური პარამეტრების მიღების შემდგომ ხდება ამ სპეციალური მილების ამოღება;
  23. შემდგომ სპეციალური სახრახნისით ელექტროდების ბოლოების დაკავშირება ხდება იმპულსის წარმომქმნელთან;
  24. იმპულსის წარმომქმნელი მყისიერად იწყებს მუშაობას (ქარხნული სტანდარტული პარამეტრებით) და  ინერგება კანქვეშა ჯიბეში უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ;
  25. საბოლოოდ ჭრილობა გაიკერება რამოდენიმე სართულად გაწოვადი ძაფებით და მასზე მოხდება სპეციალური წებოვანი ლენტის დაკვრა.

 

გახსოვდეთ, ჩვეულებრივ დეფიბრილატორის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა.

პროცედურის განმავლობაში ექიმი მუდმივად იკონტაქტებს თქვენთან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის განმავლობაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ იმოძრავოთ.

როგორ მოვიქცე პროცედურის შემდეგ?

კლინიკაში

  • პროცედურის შემდეგ გადაგიყვანენ სპეციალურ პალატაში, სადაც ექთანი გადაამოწმებს თქვენ სასიცოცხლო პარამეტრებს;
  • გულმკერდში ტკივილის, სისუსტის, ჭრილობის არეში ტკივილის და სხვა ნებისმიერი პრობლემის შესახებ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ექთნის ინფორმირება;
  • დაახლოებით 8-12 საათი აუცილებელია წოლითი რეჟიმი;
  • გააქტიურება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თავდაპირველად წამოჯექით საწოლში და შემდგომ რამოდენიმე წუთში ფრთხილად გადაადგილდით ექთნის თანდასწრებითა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებით;
  • კვებას შეძლებთ პროცედურის დასრულებისთანავე რამოდენიმე წუთში;
  • თქვენ გეყოლებათ თქვენი პალატის ექიმი, რომელიც მოგცემთ სპეციალურ ინსტრუქციას და დანიშნულებას;
  • იმპლანტაციიდან მეორე დღეს თუ თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები იქნება ნორმალური და თქვენ თავს იგრძნობთ კარგად, გაგწერენ სახლში;
  • თქვენ დაგჭირდებათ პირი, რომელიც გადაგიყვანთ სახლში.

 

სახლში

  • თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას რამოდენიმე დღეში;
  • იმპლანტაციის მხარეს სიმძიმის აწევა და ხელის მკვეთრი დატვირთვა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით პირველი 1 თვე;
  • არ დაიძინოთ იმპლანტაციის მხარეს;
  • თუ თქვენ დაგაკრეს სპეციალური წებოვანი ლენტი ჭრილობაზე, თავისუფლად შეგიძლიათ შხაპის მიღება;
  • თუ დაინახეთ რომ წებოვანი ლენტი იწყებს აძრობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • თქვენი ექიმი მოგცემთ სპეციალურ რეკომენდაციას მანქანის მართვასთან დაკავშირებით;
  • ელექტრული შოკის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალიზირებულ კლინიკას ან დარეკეთ 112-ში. თუ შოკის მერე იქნებით აგზნებული, ეცადეთ გააკეთოთ ნელი ღრმა ჩასუნთქვები, რაც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.
  • კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის პროგრამერით შესამოწმებლად და ჭრილობის შესახვევად უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს პროცედურიდან 12-14 დღეში;
  • კითხეთ ექიმს როდის შეიძლება სამსახურს დაუბრუნდეთ; პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამსახურის სპეციფიკაზე.

დაუკავშირდით ექიმს, თუ გექნებათ:

  • სიცხე, შემცივნება, ოფილიანობა;
  • ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან გამონადენი იმპლანტაციის მიდამოში;
  • ტკივილი და ზეწოლა გულმკერდში;
  • თავბრუსხვევა და გონების კარგვა;
  • გულისფრიალი;
  • ელექტრული შოკი.

 

გახსოვდეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება მოგცეთ სხვა სპეციფიკური მითითებები.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული მითითებები?

განსაკუთრებული მითითებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  • იმპლანტაციის შემდგომ ექიმი მოგცემთ იმპლანტაციის ოქმს ან სხვა დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიოთ. აეროპორტის მეტალოდეტექტორი აფიქსირებს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს. მისი არსებობის დასადასტურებლად მოგთხოვენ შესაბამის დოკუმენტს.
  • მაგნიტურ რეზონანსული კვლევა (MRI) შესაძლებელია მხოლოდ MRI თავსებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის შემთხვევაში, ექიმის მიერ წინასწარი დაპროგრამების შემდეგ. ასე რომ MRI კვლევის გაკეთება აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენს ექიმს;
  • ეს აკრძალვა არ ეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
  • თქვენ ასევე უნდა მოერიდოთ დიდ მაგნიტურ ველებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გამომუშავების ადგილები და სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც იყენებენ დიდ მაგნიტებს.
  • მოერიდეთ მაღალი ძაბვის მექანიზმებს, როგორიცაა რადიო ან სატელევიზიო გადამცემები, ელექტრული შემდუღებელი, მაღალი ძაბვის მავთულები, რადარის დანადგარები ან დნობის ღუმელები.
  • თავი შეიკავეთ დიათერმიისგან (სითბოს გამოყენება კუნთების სამკურნალოდ ფიზიოთერაპიაში);
  • თუ მომავალში  დაგჭირდებათ სხვა ოპერაცია, ქირურგი აუცილებლად გააფრთხილეთ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის არსებობის შესახებ. არითმოლოგი  ოპერაციის წინ შეგიცვლით კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მუშაობის რეჟიმს. თუ ოპერაცია ტარდება კლინიკაში სადაც არითმოლოგი არ ყავთ, ოპერაციის მიმდინარეობისას იმპლანტაციის არეში კანზე განათავსონ მაგნიტი;
  • მაქსიმალურად აარიდეთ თავი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მიდამოს ტრავმას. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მახლობლად მკერდზე დარტყმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ფუნქციონირებაზე. ტრავმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • მობილური ტელეფონები, რომელთა სიმძლავრე 3 ვატზე ნაკლებია, არ ახდენენ გავლენას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე, მაგრამ სიფრთხილის მიზნით, მობილური ტელეფონები უნდა ინახებოდეს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორისგან მინიმუმ 15სმ დაშორებით. მოერიდეთ მობილური ტელეფონის მკერდის ჯიბეში ჩადებას.