მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია

პეისმეიკერის იმპლანტაცია არის მცირე ზომის ელექტრული მოწყობილობის ჩანერგვა კანქვეშ, ჩვეულებრივ გულმკერდის წინა ზედაპირზე, უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ, რათა დავარეგულიროთ გულის ელექტრული სისტემის მუშაობა.

გულის ელექტრული სისტემა

გული არის ტუმბო, რომელიც შედგება კუნთოვანი ქსოვილისგან და სტიმულირდება ელექტრული იმპულსების მიერ. ეს ელექტრული იმპულსები კი წარმოიქმნება და გადაადგილდება სპეციალური ქსოვილოვანი წარმონაქმნების მიერ, რომელთა გაერთიანებასაც გულის ელექტრული სისტემა ეწოდება. გულის ელექტრული სისტემა იწყება სინოატრიული კვანძიდან, რომელიც წარმოდგენილია სპეციალიზირებული ქსოვილისგან, რომელიც განთავსებულია მარჯვენა წინაგულშ. სინოატრიულ კვანძს შეუძლია ელექტრული იმპულსების ავტომატური წარმოქმნა სიხშირით 60-100 წუთში. სწორედ რომ აქედან იწყება გულისცემა.

სინოატრიული კვანძიდან იმპულსის გავრცელება თავდაპირველად წინაგულებს (გულის ზედა ნაწილი, მცირე ტუმბო) მოიცავს, იწვევს მათ შეკუმშვას, შემდგომ კი აღაგზნებს ატრიოვეენტრიკულურ კვანძს, რომელიც განთავსებულია მარჯვენა წინაგულის ქვედა-წინა უბანში. მას შეუძლია იმპულსის შეყოვნება, რაც მნიშვნელოვანია წინაგულებიდან სარქველების გავლით სისხლის სრულყოფილად პარკუჭებისკენ გადაასადგილებლად. ატრიოვენტრიკულური კვანძიდან იმპულსის გავრცელება ხდება ჰისის კონასა და მის ტოტებზე (ჰისის კონის მარცხენა და მარჯვენა ფეხი). აქ იმპულსი მკვეთრად სწრაფად ვრცელდება და დროის მცირე მონაკვეთში იწვევს პარკუჭების (გულის ქვედა ნაწილი, დიდი ტუმბო) სინქრონულ შეკუმშვას.

ელექტრული სტიმულაციის პროცესს, რომელიც იწვევს გულის კუნთების თანმიმდევრულ შეკუმშვას გულისცემა ეწოდება.

გულის ელექტრულ სისტემაში იმპულსის წარმოქმნისა და გავრცელების დარღვევების დროს დგება მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაციის საკითხი.

ყველაფერი პეისმეიკერის იმპლანტაციაზე

რა არის პეისმეიკერი?

პეისმეიკერის იმპლანტაცია

პეისმეიკერი შედგება 2 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. იმპულსის წარმომქმნელი;
  2. ერთი, ორი ან სამი ელექტროდი.

იმპულსის წარმომქმნელი არის პატარა მეტალის კოლოფი. ის შედგება ბატარიისაგან და მცირე კომპიუტერისაგან, რომელიც არეგულირებს იმპულსების გაგზავნას გულისკენ.

ელექტროდები არის იზოლაციის მქონე მავთული, რომლის ერთი ბოლო დაკავშირებულია იმპულსის წარმომქმნელთან, ხოლო მეორე გულის რომელიმე საკანთან. ელექტროდები თითქმის ყოველთვის განთავსებულია გულმკერდის დიდ ვენებში, რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ გზას იმპულსის წარმომქმნელის ჯიბესა და გულს შორის, რაც თავიდან გვაცილებს ფართომაშტაბიან ოპერაციას და განაპირობებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურის გაკეთებას მხოლოდ პატარა განაკვეთით (3-4სმ). იმპულსის წარმომქმნელის ჯიბე კეთდება კანქვეშ, როგორც წესი, გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწის ძვლის ქვევით, უმეტესწილად მარცხნივ. მასში ხდება იმპულსის წარმომქმნელის განთავსება. ელექტროდებით ხდება იმპულსების მიწოდება გულისკენ, რაც საბოლოო ჯამში გულის კუნთის შეკუმშვას იწვევს. ასევე გულის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკან იმპულსის წარმომქმნელისკენ. პაციენტს შეიძლება ელექტროდი ჩავუნერგოთ წინაგულში, პარკუჭში, ან ორივე გულის კამერაში. ელექტროდების რაოდენობასა და განთავსების ადგილს განსაზღვრავს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რომელი დაავადება აქვს მას.

პეისმეიკერის იმპლანტაციაერთკამერიანი პეისმეიკერი: იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია ერთ ელექტროდთან (ძირითადად მარჯვენა პარკუჭი). ერთკამერიანი პეისმეიკერი ძირითადად ინერგება მუდმივი ფორმის წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმია) მქონე პაციენტებში, რომლებსაც ასევე აქვთ მკვეთრად დაბალი გულისცემის სიხშირე (პულსი).

ორკამერიანი პეისმეიკერი: იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია ორ ელექტროდთან (მარჯვენა წინაგული და პარკუჭი).

სამკამერიანი პეისმეიკერი: იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია ძირითადად სამ ელექტროდთან (მარჯვენა წინაგული, მარჯვენა პარკუჭი  და მარცხენა პარკუჭი).

სამკამერიანი პეისმეიკერი გამოიყენება სპეციფიკური ტიპის გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

ზოგჯერ გულის უკმარისობის დროს პარკუჭები იკუმშება ასინქრონულად, რაც მნიშვნელოვნად არღვევს გულის ტუმბოს ფუნქციას – მცირდება გულიდან გადასროლილი სისხლის მოცულობა და ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. სამკამერიანი პეისმეიკერი ორივე პარკუჭს ერთდროულად აწვდის იმპულსებს, აღადგენს გულის სინქრონულ მუშაობას, რაც უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს გულის უკმარისობის მკურნალობაში. პარკუჭების ასინქრონულ შეკუმშვას ძირითადად ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა იწვევს. მკურნალობის ამ მეთოდს ეძახიან გულის რესინქრონიზაციულ თერაპიას (CRT).

თუ იმპულსის წარმომქმნელი აფიქსირებს რომ პაციენტს აქვს დაბალი გულისცემის სიხშირე (პულსი), იწყებს იმპულსების მიწოდებას და პირიქით, თუ პაციენტს აქვს ნორმალური ან მაღალი გულისცემის სიხშირე, ის წყვეტს მას. რაც საბოლოო ჯამში ეხმარება გულს გამართულ მუშაობაში, ზოგავს ბატარიას, საშუალებას აძლევს ბუნებრივ ნორმალურ რითმსაც რომ იარსებოს და პეისმეიკერის მუშაობას მაქსიმალურად არგებს ორგანიზმის მოთხოვნებს.

იმპულსის წარმომქმნელი პერიოდულად ამოწმებს როგორც თავისივე, ისე ელექტროდების ფუნქციონირებას. თუ აღმოაჩენს რაიმე დარღვევას, ეცდება თავადვე გაასწოროს, ან კლინიკაში ვიზიტისას პეისმეიკერის შემოწმების დროს ინფორმაციას ამის შესახებ აუცილებლად მიაწვდის ექიმს. ექიმი პეისმეიკერის ფუნქციონირების შესამოწმებლად იყენებს სპეციალურ კომპიუტერს, რომელსაც ჰქვია პროგრამერი და საჭიროების შემთხვევაში ცვლის პარამეტრებს.

როდის არის საჭირო მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია?

მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია რეკომენდირებულია, როცა პაციენტს აქვს მკვეთრად დაბალი გულისცემის სიხშირე (პულსი), რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ან კიდევ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს და ბრადიკარდიის ყველა სხვა შესაძლო კორეგირებადი მიზეზი გამორიცხულია.

როცა გულისცემის სიხშირე ძალიან დაბალია, გულის ტუმბოს ფუნქცია მნიშვნელოვნად ირღვევა,  ორგანიზმი ვერ ღებულობს საკმარისი რაოდენობით სისხლს, ამის გამო შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ადვილად დაღლა
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა, გაბრუება
  • გონების კარგვა, ან გონების კარგვის შეგრძნება
  • მეხსიერების პრობლემები
  • თავის ტკივილი
  • გულის ტკივილი
  • გულის უკმარისობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაბალი წნევა

ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ არითმოლოგის კონსულტაცია.

რითმის დარღვევის 2 ძირითადი ტიპი, რის გამოც შეიძლება პეისმეიკერის იმპლანტაცია გახდეს საჭირო:

  • სინუსური კვანძის სისუსტე. როცა ბუნებრივი პეისმეიკერის (სინოატრიული კვანძი) მუშაობა მკვეთრად შენელებულია.
  • ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. როცა წინაგულებიდან  პარკუჭებისკენ იმპულსის გატარება ნაწილობრივ ან მთლიანად ბლოკირებულია.

არსებობს სხვა სპეციფიური  მიზეზებიც, რის გამოც ექიმმა შეიძლება პეისმეიკერის იმპლანტაცია შემოგთავაზოთ.

არსებობს თუ არა გართულებების რისკი?

ჩვეულებრივ პეისმეიკერის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა მასაც შეიძლება მოჰყვეს რიგი გართულებები.

აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია:

  • თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას,
  • თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე,
  • და თუ ხართ ალერგიული.

არსებობს სხვა სპეციფიური რისკებიც, რაც დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, თუმცა მათი საერთო წილი ძალზე დაბალია.

თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული. პროცედურის წინ აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.

როგორ მოვემზადო პროცედურისთვის?

თქვენი ექიმი აგიხსნით პროცედურის დეტალებს და უპასუხებს თქვენს კითხვებს პროცედურის შესახებ.

რა საფეხურები უნდა გაიაროთ:

  • ექიმი მოგთხოვთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ხელი მოაწეროთ ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ფორმას. სანამ მოაწერთ ხელს, აუცილებლად გაეცანით დოკუმენტის შენაარს;
  • გააფრთხილეთ ექიმი, თუ ხართ მგრძნობიარე ან ალერგიული რომელიმე მედიკამენტზე: ლიდოკაინი, ანალგინი, იოდი, ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ;
  • პროცედურამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები და სითხე;
  • პროცედურის წინა ღამეს აუცილებლად მიიღეთ შხაპი;
  • თუ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
  • გააფრთხილეთ ექიმი ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებთ;
  • თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის გათხელებაზე, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ მათი მიღება პროცედურამდე რამოდენიმე დღით ადრე;
  • თუ თქვენ სამედიცინო ისტორიაში ფიგურირებს სისხლდენის ეპიზოდები, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
  • პროცედურის წინ ექიმი მოგთხოვთ რამოდენიმე სისხლის ანალიზის (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი) ჩაბარებას, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ექოკარდიოგრაფიის გაკეთებას, რათა ექიმი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც გაზრდის პროცედურის ეფექტურობას და თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს;
  • პროცედურა ჩვეულებრივ კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, როგორც წესი სრულიად უმტკივნეულოდ.  თუმცა თუ თქვენ ღელავთ, შეგიძლიათ ექიმი გააფრთხილოთ რომ პროცედურის წინ მოგცეთ დამამშვიდებელი მედიკამენტები;
  • თქვენი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმი შეიძლება თქვენს მდგომარეობას ინდივიდუალურად მიუდგეს.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

ჩვეულებრივ პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი  საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პროცედურის შესახებ:

  1. პროცედურამდე თქვენ შეიძლება მოგთხოვონ სამკაულებისა და სხვა ნივთების მოხსნა;
  2. ასევე მოგთხოვენ ტანსაცმლის გახდას და მოგცემენ სპეციალურ ხალათს;
  3. პროცედურის წინ სასურველია შარდის ბუშტის დაცლა;
  4. თუ თავზე გაქვთ გრძელი თმა, სასურველია მისი შეკვრა;
  5. თუ საოპერაციო არეები იქნება თმიანი, მოხდება მათი გაპარსვა და შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება;
  6. თქვენ ჩაგიყენებენ პერიფერიული ვენის კათეტერს, რომლის საშუალებითაც მოხდება წამლების, კონტრასტის ან სამკურნალო სითხეების შეყვანა;
  7. პროცედურამდე გაგიკეთებენ ანტიბიოტიკს ინტრავენურად, რათა მოხდეს ინფექციის რისკების შემცირება;
  8. თქვენ შეგიყვანენ საოპერაციოში როცა თქვენი რიგი მოვა;
  9. თქვენ დაგაწვენენ ზურგით საოპერაციო მაგიდაზე;
  10. თქვენს სხეულზე დაამაგრებენ რამოდენიმე კაბელს, რათა თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები (გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა) იყოს მუდმივი მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ;
  11. ასევე დიდი წებოვანი ელექტროდები დაგიმაგრდებათ ზურგზე ან ბარძაყის ზედაპირზე;
  12. პროცედურაზე ინტრავენურად გაგიკეთდებათ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის და შიშის მოხსნაში;
  13. როგორც წესი, იმპლანტაცია ხორციელდება გულმკერდის წინა ზედაპირზე, უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ არადომინანტური ხელის მხარეს, უპირატესად მარცხნივ. მემარცხენე პაციენტს სასურველია იმპლანტაცია ჩაუტარდეს მარჯვნივ;
  14. პეისმეიკერის იმპლანტაციის არე კვლავ გაიწმინდება და დამუშავდება შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით;
  15. შემდგომ ექიმი საოპერაციო არის გარშემო მთელს სხეულზე გადაგაფარებთ სტერილურ საოპერაციო ნაჭრებს;
  16. ექიმი გამაყუჩებელს შეიყვანს კანქვეშ;
  17. როცა გამაყუჩებელი დაიწყებს მოქმედებას, ექიმი გააკეთებს პატარა განაკვეთს;
  18. გაკეთდება კანქვეშა ჯიბე, სადაც შემდგომში განთავსდება იმპულსის წარმომქმნელი;
  19. შემდგომ მოხდება ადგილობრივი დიდი ვენის (იღლიის ვენა, ლავიწქვეშა ვენა) ჩხვლეტა და ამ ვენაში სპეციალური მილის ჩაყენება, რომლის გავლითაც ხდება ელექტროდების შეყვანა გულის კამერებში;
  20. იმის მიხედვით თუ რამდენკამერიანი პეისმეიკერის იმპლანტაცია გიტარდებათ, იმდენი სპეციალური მილის ჩაყენება ხდება ვენაში;
  21. ელექტროდების გულში შეყვანის და მიმაგრების კონტროლი ხდება რენტგენოსკოპიის საშუალებით;
  22. ელექტროდების შესაბამის პოზიციებზე დამაგრების და ნორმალური პარამეტრების მიღების შემდგომ ხდება ამ სპეციალური მილების ამოღება;
  23. შემდგომ სპეციალური სახრახნისით ელექტროდების ბოლოების დაკავშირება ხდება იმპულსის წარმომქმნელთან;
  24. იმპულსის წარმომქმნელი მყისიერად იწყებს მუშაობას (ქარხნული სტანდარტული პარამეტრებით) და  ინერგება კანქვეშა ჯიბეში უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ;
  25. საბოლოოდ ჭრილობა გაიკერება რამოდენიმე სართულად გაწოვადი ძაფებით და მასზე მოხდება სპეციალური წებოვანი ლენტის დაკვრა.

 

გახსოვდეთ, ჩვეულებრივ პეისმეიკერის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა.

პროცედურის განმავლობაში ექიმი მუდმივად იკონტაქტებს თქვენთან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის განმავლობაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ იმოძრავოთ.

როგორ მოვიქცე პროცედურის შემდეგ?

კლინიკაში

  • პროცედურის შემდეგ გადაგიყვანენ სპეციალურ პალატაში, სადაც ექთანი გადაამოწმებს თქვენ სასიცოცხლო პარამეტრებს;
  • გულმკერდში ტკივილის, სისუსტის, ჭრილობის არეში ტკივილის და სხვა ნებისმიერი პრობლემის შესახებ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ექთნის ინფორმირება;
  • დაახლოებით 8-12 საათი აუცილებელია წოლითი რეჟიმი;
  • გააქტიურება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თავდაპირველად წამოჯექით საწოლში და შემდგომ რამოდენიმე წუთში ფრთხილად გადაადგილდით ექთნის თანდასწრებითა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებით;
  • კვებას შეძლებთ პროცედურის დასრულებისთანავე რამოდენიმე წუთში;
  • თქვენ გეყოლებათ თქვენი პალატის ექიმი, რომელიც მოგცემთ სპეციალურ ინსტრუქციას და დანიშნულებას;
  • იმპლანტაციიდან მეორე დღეს თუ თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები იქნება ნორმალური და თქვენ თავს იგრძნობთ კარგად, გაგწერენ სახლში;
  • თქვენ დაგჭირდებათ პირი, რომელიც გადაგიყვანთ სახლში.

 

სახლში

  • თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას რამოდენიმე დღეში;
  • იმპლანტაციის მხარეს სიმძიმის აწევა და ხელის მკვეთრი დატვირთვა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით პირველი 1 თვე;
  • არ დაიძინოთ იმპლანტაციის მხარეს;
  • თუ თქვენ დაგაკრეს სპეციალური წებოვანი ლენტი ჭრილობაზე, თავისუფლად შეგიძლიათ შხაპის მიღება;
  • თუ დაინახეთ რომ წებოვანი ლენტი იწყებს აძრობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • თქვენი ექიმი მოგცემთ სპეციალურ რეკომენდაციას მანქანის მართვასთან დაკავშირებით;
  • პეისმეიკერის პროგრამერით შესამოწმებლად და ჭრილობის შესახვევად უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს პროცედურიდან 12-14 დღეში;
  • კითხეთ ექიმს როდის შეიძლება სამსახურს დაუბრუნდეთ; პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამსახურის სპეციფიკაზე.

დაუკავშირდით ექიმს, თუ გექნებათ:

  • სიცხე, შემცივნება, ოფილიანობა;
  • ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან გამონადენი იმპლანტაციის მიდამოში;
  • ტკივილი და ზეწოლა გულმკერდში;
  • თავბრუსხვევა და გონების კარგვა;
  • გულისფრიალი.

 

გახსოვდეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება მოგცეთ სხვა სპეციფიკური მითითებები.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული მითითებები?

განსაკუთრებული მითითებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

  • იმპლანტაციის შემდგომ ექიმი მოგცემთ იმპლანტაციის ოქმს ან სხვა დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიოთ. აეროპორტის მეტალოდეტექტორი აფიქსირებს პეისმეიკერს. იმპლანტანტის არსებობის დასადასტურებლად მოგთხოვენ შესაბამის დოკუმენტს.
  • მაგნიტურ რეზონანსული კვლევა (MRI) შესაძლებელია მხოლოდ MRI თავსებადი პეისმეიკერის შემთხვევაში ექიმის მიერ მისი წინასწარი დაპროგრამების შემდეგ. ასე რომ MRI კვლევის გაკეთება აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენს ექიმს;
  • ეს აკრძალვა არ ეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
  • თქვენ ასევე უნდა მოერიდოთ დიდ მაგნიტურ ველებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გამომუშავების ადგილები და სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც იყენებენ დიდ მაგნიტებს.
  • მოერიდეთ მაღალი ძაბვის მექანიზმებს, როგორიცაა რადიო ან სატელევიზიო გადამცემები, ელექტრული შემდუღებელი, მაღალი ძაბვის მავთულები, რადარის დანადგარები ან დნობის ღუმელები.
  • თავი შეიკავეთ დიათერმიისგან (სითბოს გამოყენება კუნთების სამკურნალოდ ფიზიოთერაპიაში);
  • თუ მომავალში  დაგჭირდებათ სხვა ოპერაცია, ქირურგი აუცილებლად გააფრთხილეთ პეისმეიკერის არსებობის შესახებ. არითმოლოგი  ოპერაციის წინ შეგიცვლით პეისმეიკერის მუშაობის რეჟიმს. თუ ოპერაცია ტარდება კლინიკაში სადაც არითმოლოგი არ ყავთ, ოპერაციის მიმდინარეობისას იმპლანტაციის არეში კანზე განათავსონ მაგნიტი;
  • მაქსიმალურად აარიდეთ თავი პეისმეიკერის მიდამოს ტრავმას. პეისმეიკერის მახლობლად მკერდზე დარტყმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ფუნქციონირებაზე. ტრავმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • მობილური ტელეფონები, რომელთა სიმძლავრე 3 ვატზე ნაკლებია, არ ახდენენ გავლენას პეისმეიკერზე, მაგრამ სიფრთხილის მიზნით, მობილური ტელეფონები უნდა ინახებოდეს პეისმეიკერისგან მინიმუმ 15სმ დაშორებით. მოერიდეთ მობილური ტელეფონის მკერდის ჯიბეში ჩადებას.