რესინქრონიზატორის იმპლანტაცია
რესინქრონიზატორის იმპლანტაცია უზრუნველყოფს გულის რესინქრონიზაციულ თერაპიას (CRT), რომელიც ხორციელდება სამკამერიანი პეისმეიკერის საშუალებით. ის შეიძლება იყოს დეფიბრილატორის ფუნქციებით აღჭურვილი (რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორი, CRT-D), ან მის გარეშე (CRT-P). თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სამიზნე პაციენტების დიდ უმეტესობას აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა, ძირითადად ხდება რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
ზოგჯერ გულის უკმარისობის დროს პარკუჭები იკუმშება ასინქრონულად, რაც მნიშვნელოვნად არღვევს გულის ტუმბოს ფუნქციას – მცირდება გულიდან გადასროლილი სისხლის მოცულობა და ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. სამკამერიანი პეისმეიკერი ეხმარება თქვენს გულს შეიკუმშოს სინქრონულად:
- ბივენტრიკულური სტიმულაცია – ის ორივე პარკუჭს ერთდროულად აწვდის იმპულსებს, რითიც აღადგენს გულის სინქრონულ მუშაობას;
- საშუალებას გვაძლევს მოხდეს წინაგულებისა და პარკუჭების ოპტიმალური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის ღრუების სიხლით ავსებას.
სამკამერიანი პეისმეიკერის ეს დადებითი თვისებები მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობაში. პარკუჭების ასინქრონულ შეკუმშვას ძირითადად ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა იწვევს.
რესინქრონიზატოორი შედგება 2 ძირითადი კომპონენტისგან:
- იმპულსის წარმომქმნელი;
- სამი ელექტროდი.
იმპულსის წარმომქმნელი არის პატარა მეტალის კოლოფი. ის შედგება ბატარიისაგან და მცირე კომპიუტერისაგან, რომელიც არეგულირებს იმპულსების გაგზავნას გულისკენ.
ელექტროდები არის იზოლაციის მქონე მავთული, რომლის ერთი ბოლო დაკავშირებულია იმპულსის წარმომქმნელთან, ხოლო მეორე გულის რომელიმე საკანთან. ელექტროდები თითქმის ყოველთვის განთავსებულია გულმკერდის დიდ ვენებში, რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ გზას იმპულსის წარმომქმნელის ჯიბესა და გულს შორის, რაც თავიდან გვაცილებს ფართომაშტაბიან ოპერაციას და განაპირობებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურის გაკეთებას მხოლოდ პატარა განაკვეთით (6-7სმ). იმპულსის წარმომქმნელის ჯიბე კეთდება კანქვეშ, როგორც წესი, გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწის ძვლის ქვევით, უმეტესწილად მარცხნივ. მასში ხდება იმპულსის წარმომქმნელის განთავსება. ელექტროდებით ხდება იმპულსების მიწოდება გულისკენ, რაც საბოლოო ჯამში გულის კუნთის შეკუმშვას იწვევს. ასევე გულის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკან იმპულსის წარმომქმნელისკენ. ელექტროდების განთავსება ხდება მარჯვენა წინაგულში, მარჯვენა პარკუჭში და მარცხენა პარკუჭში.
იმპულსის წარმომქმნელი პერიოდულად ამოწმებს როგორც თავისივე, ისე ელექტროდების ფუნქციონირებას. თუ აღმოაჩენს რაიმე დარღვევას, ეცდება თავადვე გაასწოროს, ან კლინიკაში ვიზიტისას რესინქრონიზატორის შემოწმების დროს ინფორმაციას ამის შესახებ აუცილებლად მიაწვდის ექიმს. ექიმი რესინქრონიზატორის ფუნქციონირების შესამოწმებლად იყენებს სპეციალურ კომპიუტერს, რომელსაც ჰქვია პროგრამერი და საჭიროების შემთხვევაში ცვლის პარამეტრებს.
გახსოვდეთ:
- რესინქრონიზატორი დადებით შედეგს გვაძლევს 10 გულის უკმარისობის მქონე პაციენტიდან მხოლოდ 7-ში.
- თუ თქვენ გაქვთ მსუბუქად ან საშუალოდ გამოხატული ქრონიკული გულის უკმარისობა, თქვენ უნდა ელოდოთ მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
- და პირიქით, შედეგი მინიმალურია თუ თქვენ გაქვთ მკვეთრად გამოხატული ქრონიკული გულის უკმარისობა და იშემიური დაავადება. მსგავს შემთხვევაში ექიმმა შეიძლება უარი გითხრათ პროცედურის ჩატარებაზე, რადგან ზოგჯერ პროცედურის რისკები აჭარბებს დადებითი შედეგის ალბათობას.
ყველაფერი გულის რენსინქრონიზაციულ თერაპიაზე
როდის არის საჭირო გულის რესინქრონიზაციური თერაპია?
გულის რესინქრონიზაციური თერაპია საჭიროა მაშინ, როცა:
- თქვენ გაქვთ გამოხატული გულის უკმარისობა;
- როდესაც თქვენი გულის ტუმბოს ფუნქცია მნიშვნელოვნად დაქვეითებულია;
- როცა თქვენი მარცხენა და მარჯვენა პარკუჭი არ მუშაობენ სინქრონულად;
- მხოლოდ წამლები და ცხოვრების სტილის შეცვლა შედეგს არ იძლევა გულის უკმარისობის მკურნალობაში.
რა არის გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობის დროს გულის ტუმბოს ფუნქცია დაქვეითებულია. ის ვერ გადაისვრის იმ საჭირო მოცულობის სისხლს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
გულის უკმარისობის სიმპტომებია:
- სუნთქვის გაძნელება;
- ადვილად დაღლა და სისუსტე;
- ფეხების შეშუპება;
- სწრაფი ან არარეგულარული პულსი;
- ხველა;
- მუცლის შეშუპება;
- მადის დაქვეითება;
- და სხვა.
არსებობს თუ არა გართულებების რისკი?
ჩვეულებრივ სამკამერიანი პეისმეიკერის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა მასაც შეიძლება მოჰყვეს რიგი გართულებები.
აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია:
- თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას,
- თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე,
- და თუ ხართ ალერგიული.
არსებობს სხვა სპეციფიური რისკებიც, რაც დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, თუმცა მათი საერთო წილი ძალზე დაბალია.
თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული. პროცედურის წინ აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.
როგორ მოვემზადო პროცედურისთვის?
თქვენი ექიმი აგიხსნით პროცედურის დეტალებს და უპასუხებს თქვენს კითხვებს პროცედურის შესახებ.
რა საფეხურები უნდა გაიაროთ:
- ექიმი მოგთხოვთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ხელი მოაწეროთ ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ფორმას. სანამ მოაწერთ ხელს, აუცილებლად გაეცანით დოკუმენტის შენაარს;
- გააფრთხილეთ ექიმი, თუ ხართ მგრძნობიარე ან ალერგიული რომელიმე მედიკამენტზე: ლიდოკაინი, ანალგინი, იოდი, ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ;
- პროცედურამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები და სითხე;
- პროცედურის წინა ღამეს აუცილებლად მიიღეთ შხაპი;
- თუ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
- გააფრთხილეთ ექიმი ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებთ;
- თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის გათხელებაზე, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ მათი მიღება პროცედურამდე რამოდენიმე დღით ადრე;
- თუ თქვენ სამედიცინო ისტორიაში ფიგურირებს სისხლდენის ეპიზოდები, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
- პროცედურის წინ ექიმი მოგთხოვთ რამოდენიმე სისხლის ანალიზის (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი) ჩაბარებას, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ექოკარდიოგრაფიის გაკეთებას, რათა ექიმი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც გაზრდის პროცედურის ეფექტურობას და თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს;
- პროცედურა ჩვეულებრივ კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, როგორც წესი სრულიად უმტკივნეულოდ. თუმცა თუ თქვენ ღელავთ, შეგიძლიათ ექიმი გააფრთხილოთ რომ პროცედურის წინ მოგცეთ დამამშვიდებელი მედიკამენტები;
- თქვენი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმი შეიძლება თქვენს მდგომარეობას ინდივიდუალურად მიუდგეს.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
ჩვეულებრივ პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-3 საათია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პროცედურის შესახებ:
- პროცედურამდე თქვენ შეიძლება მოგთხოვონ სამკაულებისა და სხვა ნივთების მოხსნა;
- ასევე მოგთხოვენ ტანსაცმლის გახდას და მოგცემენ სპეციალურ ხალათს;
- პროცედურის წინ სასურველია შარდის ბუშტის დაცლა;
- თუ თავზე გაქვთ გრძელი თმა, სასურველია მისი შეკვრა;
- თუ საოპერაციო არეები იქნება თმიანი, მოხდება მათი გაპარსვა და შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება;
- თქვენ ჩაგიყენებენ პერიფერიული ვენის კათეტერს, რომლის საშუალებითაც მოხდება წამლების, კონტრასტის ან სამკურნალო სითხეების შეყვანა;
- პროცედურამდე გაგიკეთებენ ანტიბიოტიკს ინტრავენურად, რათა მოხდეს ინფექციის რისკების შემცირება;
- თქვენ შეგიყვანენ საოპერაციოში როცა თქვენი რიგი მოვა;
- თქვენ დაგაწვენენ ზურგით საოპერაციო მაგიდაზე;
- თქვენს სხეულზე დაამაგრებენ რამოდენიმე კაბელს, რათა თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები (გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა) იყოს მუდმივი მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ;
- ასევე დიდი წებოვანი ელექტროდები დაგიმაგრდებათ ზურგზე ან ბარძაყის ზედაპირზე;
- პროცედურაზე ინტრავენურად გაგიკეთდებათ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის და შიშის მოხსნაში;
- როგორც წესი, იმპლანტაცია ხორციელდება გულმკერდის წინა ზედაპირზე, უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ არადომინანტური ხელის მხარეს, უპირატესად მარცხნივ. მემარცხენე პაციენტს სასურველია იმპლანტაცია ჩაუტარდეს მარჯვნივ;
- რესინქრონიზატორის იმპლანტაციის არე კვლავ გაიწმინდება და დამუშავდება შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით;
- შემდგომ ექიმი საოპერაციო არის გარშემო მთელს სხეულზე გადაგაფარებთ სტერილურ საოპერაციო ნაჭრებს;
- ექიმი გამაყუჩებელს შეიყვანს კანქვეშ;
- როცა გამაყუჩებელი დაიწყებს მოქმედებას, ექიმი გააკეთებს პატარა განაკვეთს;
- გაკეთდება კანქვეშა ჯიბე, სადაც შემდგომში განთავსდება იმპულსის წარმომქმნელი;
- შემდგომ მოხდება ადგილობრივი დიდი ვენის (იღლიის ვენა, ლავიწქვეშა ვენა) ჩხვლეტა და ამ ვენაში სამი სპეციალური მილის ჩაყენება, რომლის გავლითაც ხდება ელექტროდების შეყვანა გულის კამერებში;
- ელექტროდების გულში შეყვანის და მიმაგრების კონტროლი ხდება რენტგენოსკოპიის საშუალებით;
- ელექტროდების შესაბამის პოზიციებზე დამაგრების და ნორმალური პარამეტრების მიღების შემდგომ ხდება ამ სპეციალური მილების ამოღება;
- შემდგომ სპეციალური სახრახნისით ელექტროდების ბოლოების დაკავშირება ხდება იმპულსის წარმომქმნელთან;
- იმპულსის წარმომქმნელი მყისიერად იწყებს მუშაობას (ქარხნული სტანდარტული პარამეტრებით) და ინერგება კანქვეშა ჯიბეში უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ;
- საბოლოოდ ჭრილობა გაიკერება რამოდენიმე სართულად გაწოვადი ძაფებით და მასზე მოხდება სპეციალური წებოვანი ლენტის დაკვრა.
გახსოვდეთ, ჩვეულებრივ რესინქრონიზატორის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა;
პროცედურის განმავლობაში ექიმი მუდმივად იკონტაქტებს თქვენთან;
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის განმავლობაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ იმოძრავოთ;
როგორ მოვიქცე პროცედურის შემდეგ?
კლინიკაში
- პროცედურის შემდეგ გადაგიყვანენ სპეციალურ პალატაში, სადაც ექთანი გადაამოწმებს თქვენ სასიცოცხლო პარამეტრებს;
- გულმკერდში ტკივილის, სისუსტის, ჭრილობის არეში ტკივილის და სხვა ნებისმიერი პრობლემის შესახებ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ექთნის ინფორმირება;
- დაახლოებით 8-12 საათი აუცილებელია წოლითი რეჟიმი;
- გააქტიურება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თავდაპირველად წამოჯექით საწოლში და შემდგომ რამოდენიმე წუთში ფრთხილად გადაადგილდით ექთნის თანდასწრებითა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებით;
- კვებას შეძლებთ პროცედურის დასრულებისთანავე რამოდენიმე წუთში;
- თქვენ გეყოლებათ თქვენი პალატის ექიმი, რომელიც მოგცემთ სპეციალურ ინსტრუქციას და დანიშნულებას;
- იმპლანტაციიდან მეორე დღეს თუ თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები იქნება ნორმალური და თქვენ თავს იგრძნობთ კარგად, გაგწერენ სახლში;
- თქვენ დაგჭირდებათ პირი, რომელიც გადაგიყვანთ სახლში.
სახლში
- თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას რამოდენიმე დღეში;
- იმპლანტაციის მხარეს სიმძიმის აწევა და ხელის მკვეთრი დატვირთვა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით პირველი 6 კვირა;
- არ დაიძინოთ იმპლანტაციის მხარეს;
- თუ თქვენ დაგაკრეს სპეციალური წებოვანი ლენტი ჭრილობაზე, თავისუფლად შეგიძლიათ შხაპის მიღება;
- თუ დაინახეთ რომ წებოვანი ლენტი იწყებს აძრობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თქვენი ექიმი მოგცემთ სპეციალურ რეკომენდაციას მანქანის მართვასთან დაკავშირებით;
- კითხეთ ექიმს როდის შეიძლება სამსახურს დაუბრუნდეთ; პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამსახურის სპეციფიკაზე;
დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ:
- სიცხე, შემცივნება, ოფილიანობა;
- ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან გამონადენი იმპლანტაციის მიდამოში;
- ტკივილი და ზეწოლა გულმკერდში;
- თავბრუსხვევა და გონების კარგვა;
- გულისფრიალი.
გახსოვდეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება მოგცეთ სხვა სპეციფიკური მითითებები.
როდის ვიგრძნობ დადებით შედეგს?
გახსოვდეთ, რესინქრონიზატორი დადებით შედეგს გვაძლევს 10 გულის უკმარისობის მქონე პაციენტიდან მხოლოდ 7-ში.
როგორც წესი, იმპლანტაციიდან რამოდენიმე დღეში პაციენტები გრძნობენ გულის უკმარისობის მოვლენების შედარებით შემცირებას, თუმცა ნიშანდობლივ დადებით ეფექტს ძირითადად რამოდენიმე თვე სჭირდება.
არსებობს თუ არა განსაკუთრებული მითითებები?
განსაკუთრებული მითითებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- იმპლანტაციის შემდგომ ექიმი მოგცემთ იმპლანტაციის ოქმს ან სხვა დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიოთ. აეროპორტის მეტალოდეტექტორი აფიქსირებს რესინქრონიზატორს. იმპლანტანტის არსებობის დასადასტურებლად მოგთხოვენ დოკუმენტს.
- მაგნიტურ რეზონანსული კვლევა (MRI) შესაძლებელია მხოლოდ MRI თავსებადი რესინქრონიზატორის შემთხვევაში ექიმის მიერ რესინქრონიზატორის წინასწარი დაპროგრამების შემდეგ. ასე რომ MRI კვლევის გაკეთება აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენს ექიმს;
- ეს აკრძალვა არ ეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
- თქვენ ასევე უნდა მოერიდოთ დიდ მაგნიტურ ველებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გამომუშავების ადგილები და სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც იყენებენ დიდ მაგნიტებს.
- მოერიდეთ მაღალი ძაბვის მექანიზმებს, როგორიცაა რადიო ან სატელევიზიო გადამცემები, ელექტრული შემდუღებელი, მაღალი ძაბვის მავთულები, რადარის დანადგარები ან დნობის ღუმელები.
- თავი შეიკავეთ დიათერმიისგან (სითბოს გამოყენება კუნთების სამკურნალოდ ფიზიოთერაპიაში);
- თუ მომავალში დაგჭირდებათ სხვა ოპერაცია, ქირურგი აუცილებლად გააფრთხილეთ რესინქრონიზატორის არსებობის შესახებ. არითმოლოგი ოპერაციის წინ შეგიცვლით პეისმეიკერის მუშაობის რეჟიმს. თუ ოპერაცია ტარდება კლინიკაში სადაც არითმოლოგი არ ყავთ, ოპერაციის მიმდინარეობისას იმლანტაციის არეში კანზე განათავსონ მაგნიტი;
- მაქსიმალურად აარიდეთ თავი რესინქრონიზატორის მიდამოს ტრავმას. რესინქრონიზატორის მახლობლად მკერდზე დარტყმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ფუნქციონირებაზე. ტრავმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- მობილური ტელეფონები, რომელთა სიმძლავრე 3 ვატზე ნაკლებია, არ ახდენენ გავლენას რესინქრონიზატორზე, მაგრამ სიფრთხილის მიზნით, მობილური ტელეფონები უნდა ინახებოდეს რესინქრონიზატორისგან მინიმუმ 15სმ დაშორებით. მოერიდეთ მობილური ტელეფონის მკერდის ჯიბეში ჩადებას.