კათეტერული აბლაცია
კათეტერული აბლაცია – ამ დროს გულში ხდება სპეციალური კათეტერის შეყვანა, რომლის საშუალებითაც ხდება არითმიის გამომწვევი მცირე კერების დამუშავება მოწვით ან მოყინვით.
არითმიის მქონდე ყველა ადამიანს არ სჭირდება კათეტერული აბლაცია, მისი გაკეთება რეკომენდირებულია, თუ გვაქვს:
- მედიკამენტური მკურნალობის არაეფექტურობა;
- სერიოზული გვერდითი ეფექტების არსებობა მედიკამენტების მიღებისას;
- სიცოცხლისთვის საშიში არითმიების განვითარების რისკი.
იმისათვის რომ აღვიქვათ, თუ რა არის კათეტერული აბლაცია, მინიმალური წარმოდგენა უნდა გვქონდეს გულის მუშაობის პრინციპზე.
გული არის ტუმბო, რომელიც შედგება კუნთოვანი ქსოვილისგან და სტიმულირდება ელექტრული იმპულსების მიერ. ეს ელექტრული იმპულსები კი წარმოიქმნება და გადაადგილდება სპეციალური ქსოვილოვანი წარმონაქმნების მიერ, რომელთა გაერთიანებასაც გულის ელექტრული სისტემა ეწოდება.
გულის ელექტრული სისტემა იწყება სინოატრიული კვანძიდან, რომელიც წარმოდგენილია სპეციალიზირებული ქსოვილისგან, რომელიც განთავსებულია მარჯვენა წინაგულში.
სინოატრიულ კვანძს შეუძლია ელექტრული იმპულსების ავტომატური წარმოქმნა სიხშირით 60-100 წუთში. სწორედ რომ აქედან იწყება გულისცემა.
სინოატრიული კვანძიდან იმპულსის გავრცელება თავდაპირველად წინაგულებს (გულის ზედა ნაწილი, მცირე ტუმბო) მოიცავს, იწვევს მათ შეკუმშვას, შემდგომ კი აღაგზნებს ატრიოვეენტრიკულურ კვანძს, რომელიც განთავსებულია მარჯვენა წინაგულის ქვედა-წინა უბანში. მას შეუძლია იმპულსის შეყოვნება, რაც მნიშვნელოვანია წინაგულებიდან სარქველების გავლით სისხლის სრულყოფილად პარკუჭებისკენ გადაასადგილებლად. ატრიოვენტრიკულური კვანძიდან იმპულსის გავრცელება ხდება ჰისის კონასა და მის ტოტებზე (ჰისის კონის მარცხენა და მარჯვენა ფეხი). აქ იმპულსი მკვეთრად სწრაფად ვრცელდება და დროის მცირე მონაკვეთში იწვევს პარკუჭების (გულის ქვედა ნაწილი, დიდი ტუმბო) სინქრონულ შეკუმშვას.
ელექტრული სტიმულაციის პროცესს, რომელიც იწვევს გულის კუნთების თანმიმდევრულ შეკუმშვას გულისცემა ეწოდება.
გულის ელექტრულ სისტემაში იმპულსის წარმოქმნის, გავრცელებისა და თანამიმდევრობის დარღვევების დროს, როდესაც ხდება გულისცემის შეტევითი ან მუდმივი აჩქარება (ძირითადად გულისცემის სიხშირე > 100) დგება კათეტერული აბლაციის საკითხი. მსგავს დარღვევებს იწვევს გულის დამატებითი ან პათოლოგიურად შეცვლილი ელექტრულად აქტიური ქსოვილი, რომელსაც შეუძლია ელექტრული იმპულსები წარმოქმნას ან გაატაროს. სწორედ ამ კერების დამუშავება ხდება კათეტერული აბლაციის დროს.
ყველაფერი კათეტერულ აბლაციაზე
რა არის კათეტერული აბლაციის სამიზნე?
კათეტერული აბლაციით შესაძლებელია ისეთი არითმიების, ან დაავადების მკურნალობა, როგორიცაა:
- სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია;
- WPW სინდრომი (პარკუჭთა პრეეგზიტაცია);
- წინაგულოვანი ტაქიკარდია;
- წინაგულთა თრთოლვა;
- წინაგულთა ფიბრილაცია;
- პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
არსებობს თუ არა გართულებების რისკი?
კათეტერული აბლაცია, როგორც წესი საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა როგორც ყველა პროცედურას, იშვიათ შემთხვევაში მასაც შეიძლება მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა:
- კათეტერის შეყვანის ადგილას სისხლდენა, ან ინფექცია;
- სისხლძარღვის დაზიანება;
- გულის სარქვლის დაზიანება;
- ახალი ან გაუარესებული მიმდინარეობის არითმია;
- დაბალი პულსი, რასაც შეიძლება დასჭირდეს პეისმეიკერი;
- ვენური თრომბოზი, ან ფილტვის ემბოლია;
- იშემიური ინსულტი, ან მიოკარდიუმის ინფარქტი;
- ფილტვის ვენების სტენოზი;
- თირკმლის დაზიანება კონტრასტის ზემოქმედებით;
- სიკვდილიანობა ფიქსირდება ძალიან იშვიათ შემთხვევაში.
გახსოვდეთ! რისკები მინიმალურია ჩვეულებრივი კათეტერული აბლაციის შემთხვევაში (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) და მატულობს რთული კათეტერული აბლაციების (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა) შემთხვევაში.
როგორ მოვემზადო პროცედურისთვის?
თქვენი ექიმი აგიხსნით პროცედურის დეტალებს და უპასუხებს თქვენს კითხვებს პროცედურის შესახებ.
რა საფეხურები უნდა გაიაროთ:
- ექიმი მოგთხოვთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ხელი მოაწეროთ ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ფორმას. სანამ მოაწერთ ხელს, აუცილებლად გაეცანით დოკუმენტის შენაარს;
- გააფრთხილეთ ექიმი, თუ ხართ მგრძნობიარე ან ალერგიული რომელიმე მედიკამენტზე: ლიდოკაინი, ანალგინი, იოდი, ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ;
- პროცედურამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები და სითხე;
- პროცედურის წინა ღამეს აუცილებლად მიიღეთ შხაპი;
- თუ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
- გააფრთხილეთ ექიმი ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებთ;
- თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის გათხელებაზე, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ მათი მიღება პროცედურამდე რამოდენიმე დღით ადრე;
- თუ თქვენ სამედიცინო ისტორიაში ფიგურირებს სისხლდენის ეპიზოდები, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
- პროცედურის წინ ექიმი მოგთხოვთ რამოდენიმე სისხლის ანალიზის (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი) ჩაბარებას, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ექოკარდიოგრაფიის გაკეთებას, რათა ექიმი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც გაზრდის პროცედურის ეფექტურობას და თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს;
- პროცედურა ჩვეულებრივ კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, როგორც წესი სრულიად უმტკივნეულოდ. თუმცა თუ თქვენ ღელავთ, შეგიძლიათ ექიმი გააფრთხილოთ რომ პროცედურის წინ მოგცეთ დამამშვიდებელი მედიკამენტები;
- რთული კათეტერული აბლაციების (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა) დროს ხშირად გამოიყენება ზოგადი ანესთეზია (“ნარკოზი”);
- თქვენი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმი შეიძლება თქვენს მდგომარეობას ინდივიდუალურად მიუდგეს.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
ჩვეულებრივ პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 1-3 საათია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პროცედურის შესახებ:
- პროცედურამდე თქვენ შეიძლება მოგთხოვონ სამკაულებისა და სხვა ნივთების მოხსნა;
- ასევე მოგთხოვენ ტანსაცმლის გახდას და მოგცემენ სპეციალურ ხალათს;
- პროცედურის წინ სასურველია შარდის ბუშტის დაცლა;
- თუ თავზე გაქვთ გრძელი თმა, სასურველია მისი შეკვრა;
- თუ საოპერაციო არეები (ძირითადად საზარდულები) იქნება თმიანი, მოხდება მათი გაპარსვა და შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება;
- თქვენ ჩაგიყენებენ პერიფერიული ვენის კათეტერს, რომლის საშუალებითაც მოხდება წამლების, კონტრასტის ან სამკურნალო სითხეების შეყვანა;
- თქვენ შეგიყვანენ საოპერაციოში როცა თქვენი რიგი მოვა;
- თქვენ დაგაწვენენ ზურგით საოპერაციო მაგიდაზე;
- თქვენს სხეულზე დაამაგრებენ რამოდენიმე კაბელს, რათა თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები (გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა) იყოს მუდმივი მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ;
- ასევე დიდი წებოვანი ელექტროდები დაგიმაგრდებათ ზურგზე ან ბარძაყის ზედაპირზე;
- პროცედურაზე ინტრავენურად გაგიკეთდებათ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის და შიშის მოხსნაში, ან იშვიათ შემთხვევაში ზოგადი ანესთეზია (“ნარკოზი”);
- თუმცა გარკვეულ არითმიების ჯგუფზე (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) მსგავსი მედიკამენტები, ან ზოგადი ანესთეზია არ არის სასურველი და პირიქით, შესაძლოა ინტრავენურად შგიყვანონ მედიკამენტი, რომელიც გულს აგიჩქარებთ და დაავადების გამოვლენაში დაეხმარება ექიმს;
- ექიმი გამაყუჩებელს შეიყვანს საზარდულის მიდამოში კანქვეშ (მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში);
- როგორც წესი, კათეტერული აბლაციის დროს საზარდულის მიდამოდან აკეთებენ ბარძაყის ვენების პუნქციას, სადაც აყენებენ სპეციალურ მილებს (ინტროდუსერი), რომელთა გავლითაც ვენების გავლით გულში შედის რამოდენიმე სადიაგნოსტიკო და სააბლაციო კათეტერი (ძირითადად 1-4 კათეტერი);
- კათეტერების გულში შეყვანის და მანევრირების კონტროლი ხდება რენტგენოსკოპიის საშუალებით;
- საჭიროების შემთხვევაში, კათეტერების მეტალის წვერით გულს მიეწოდება გარკვეული ელექტრული იმპულსები, რასაც შეუძლია გარკვეული არითმიების როგორც გამოწვევა, ისე შეჩერება და რაც მთავარია არითმიების მექანიზმის ზუსტი დიაგნოსტიკა;
- დიაგნოსტიკის შემდეგ ხდება გულში არითმიის გამომწვევი კერის მოცილება;
- აბლაციის შემდგომ თუ იგივე გამაღიზიანებლებზე არითმიის გამოწვევა შეუძლებელია, პროცედურა წარმატებულად ითვლება;
- ბოლოს ხდება კათეტერების და ინტროდუსერების ამოღება ბარძაყის ვენიდან და დამწოლი ნახვევის დადება.
გახსოვდეთ, ჩვეულებრივ კათეტერული აბლაცია საკმაოდ უსაფრთხოა.
ადგილობრივი ანესთეზიის შემთვევაში პროცედურის განმავლობაში ექიმი მუდმივად იკონტაქტებს თქვენთან.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ ისუნთქოთ ღრმად და არ იმოძრავოთ.
როგორ მოვიქცე პროცედურის შემდეგ?
კლინიკაში
- პროცედურის შემდეგ გადაგიყვანენ სპეციალურ პალატაში, სადაც ექთანი გადაამოწმებს თქვენ სასიცოცხლო პარამეტრებს;
- გულმკერდში ტკივილის, სისუსტის, პუნქციის არეში ტკივილის, ან სისველის შეგრძნების და სხვა ნებისმიერი პრობლემის შესახებ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ექთნის ინფორმირება;
- დაახლოებით 6-12 საათი აუცილებელია წოლითი რეჟიმი;
- გააქტიურება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თავდაპირველად წამოჯექით საწოლში და შემდგომ რამოდენიმე წუთში ფრთხილად გადაადგილდით ექთნის თანდასწრებითა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებით;
- კვებას შეძლებთ პროცედურის დასრულებისთანავე რამოდენიმე წუთში;
- თქვენ გეყოლებათ თქვენი პალატის ექიმი, რომელიც მოგცემთ სპეციალურ ინსტრუქციას და დანიშნულებას;
- იმპლანტაციიდან მეორე დღეს თუ თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები იქნება ნორმალური და თქვენ თავს იგრძნობთ კარგად, გაგწერენ სახლში.
სახლში
- თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას რამოდენიმე დღეში;
- დაზოგეთ ის კიდური, რომლიდანაც კათეტერები შეიყვანა ექიმმა;
- კითხეთ ექიმს როდის შეიძლება სამსახურს დაუბრუნდეთ; პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამსახურის სპეციფიკაზე.
დაუკავშირდით ექიმს, თუ გექნებათ:
- მკვეთრი გულის აჩქარება ან გულისფრიალი;
- ძლიერი ზოგადი სისუსტე;
- თავბრუსხვევა და გონების კარგვა;
- ტკივილი და ზეწოლა გულმკერდში;
- სიცხე, შემცივნება, ოფილიანობა;
- ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან გამონადენი კათეტერების შეყვანის მიდამოში.
გახსოვდეთ, აბლაციის წარმადობა პირველ პროცედურაზე დაახლოებით 90%-ია. არითმიის რეციდივის შემთხვევაში, ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი აბლაცია. ზოგიერთ არითმიას აბლაციის შემდგომ კვლავ სჭირდება შესაბამისი მედიკამენტური მხარდაჭერა.