კათეტერული აბლაცია – ამ დროს გულში ხდება სპეციალური კათეტერის შეყვანა, რომლის საშუალებითაც ხდება არითმიის გამომწვევი მცირე კერების დამუშავება მოწვით ან მოყინვით.
არითმიის მქონდე ყველა ადამიანს არ სჭირდება კათეტერული აბლაცია, მისი გაკეთება რეკომენდირებულია, თუ გვაქვს:
- მედიკამენტური მკურნალობის არაეფექტურობა;
- სერიოზული გვერდითი ეფექტების არსებობა მედიკამენტების მიღებისას;
- სიცოცხლისთვის საშიში არითმიების განვითარების რისკი.
იმისათვის რომ აღვიქვათ, თუ რა არის კათეტერული აბლაცია, მინიმალური წარმოდგენა უნდა გვქონდეს გულის მუშაობის პრინციპზე.
გული არის ტუმბო, რომელიც შედგება კუნთოვანი ქსოვილისგან და სტიმულირდება ელექტრული იმპულსების მიერ. ეს ელექტრული იმპულსები კი წარმოიქმნება და გადაადგილდება სპეციალური ქსოვილოვანი წარმონაქმნების მიერ, რომელთა გაერთიანებასაც გულის ელექტრული სისტემა ეწოდება.
გულის ელექტრული სისტემა იწყება სინოატრიული კვანძიდან, რომელიც წარმოდგენილია სპეციალიზირებული ქსოვილისგან, რომელიც განთავსებულია მარჯვენა წინაგულში.
სინოატრიულ კვანძს შეუძლია ელექტრული იმპულსების ავტომატური წარმოქმნა სიხშირით 60-100 წუთში. სწორედ რომ აქედან იწყება გულისცემა.
სინოატრიული კვანძიდან იმპულსის გავრცელება თავდაპირველად წინაგულებს (გულის ზედა ნაწილი, მცირე ტუმბო) მოიცავს, იწვევს მათ შეკუმშვას, შემდგომ კი აღაგზნებს ატრიოვეენტრიკულურ კვანძს, რომელიც განთავსებულია მარჯვენა წინაგულის ქვედა-წინა უბანში. მას შეუძლია იმპულსის შეყოვნება, რაც მნიშვნელოვანია წინაგულებიდან სარქველების გავლით სისხლის სრულყოფილად პარკუჭებისკენ გადაასადგილებლად. ატრიოვენტრიკულური კვანძიდან იმპულსის გავრცელება ხდება ჰისის კონასა და მის ტოტებზე (ჰისის კონის მარცხენა და მარჯვენა ფეხი). აქ იმპულსი მკვეთრად სწრაფად ვრცელდება და დროის მცირე მონაკვეთში იწვევს პარკუჭების (გულის ქვედა ნაწილი, დიდი ტუმბო) სინქრონულ შეკუმშვას.
ელექტრული სტიმულაციის პროცესს, რომელიც იწვევს გულის კუნთების თანმიმდევრულ შეკუმშვას გულისცემა ეწოდება.
გულის ელექტრულ სისტემაში იმპულსის წარმოქმნის, გავრცელებისა და თანამიმდევრობის დარღვევების დროს, როდესაც ხდება გულისცემის შეტევითი ან მუდმივი აჩქარება (ძირითადად გულისცემის სიხშირე > 100) დგება კათეტერული აბლაციის საკითხი. მსგავს დარღვევებს იწვევს გულის დამატებითი ან პათოლოგიურად შეცვლილი ელექტრულად აქტიური ქსოვილი, რომელსაც შეუძლია ელექტრული იმპულსები წარმოქმნას ან გაატაროს. სწორედ ამ კერების დამუშავება ხდება კათეტერული აბლაციის დროს.