რა არის არითმია?

არითმია ეწოდება გულისცემის არარეგულარულობას, მკვეთრ აჩქარებას ან შენელებას. არითმია ხდება მაშინ, როცა ელექტრული იმპულსები რომლებიც განაგებენ გულისცემის სიზუსტეს არ ფუნქციონირებენ გამართულად.

ზოგიერთი არითმია აბსოლიტურად უსაფრთხოა. ზოგი კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების განვითარების მიზეზი გახდეს.

ხშირად შეიძლება ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა) და ბრადიკარდია (ნელი გულისცემა) შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად. მაგალითად, გული უფრო სწრაფად სცემს ფიზიკური დატვირთვის დროს, მისი მუშაობა ნელდება ძილისა და მოსვენების პერიოდში, ბავშვების გული უფრო სწრაფად სცემს, სპორცმენების და კარგად ტრენირებული ადამიანების გული კი ნელა.

არითმიების მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტების, ისე სხვადასხვა პროცედურის დახმარებით, როგორიცა ელექტრონული მოწყობილობების იმპლანტაცია (პეისმეიკერი, დეფიბრილატორი, რესინქრონიზატორი) ან კათეტერული აბლაცია.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რისკ ფაქტორების მართვას, თანმხლები დაავადებების მკურნალობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

გულისცემის სიხშირის მიხედვით გამოყოფენ არითმიის ორ სახეს.

  • ტაქიკარდია – როცა გული სწრაფად სცემს, გულისცემის სიხშირე 100-ზე მეტია წუთში.
  • ბრადიკარდია – როცა გული ნელა სცემს, გულისცემის სიხშირე 60-ზე ნაკლებია წუთში.არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია

ყველაფერი არითმიაზე

ტაქიკარდიით მიმდინარე არითმიები

  • წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია) – გულის ზედა ღრუებში (წინაგულები) წარმოქმნილი ქაოტური, სწრაფი და არაკორდინირებული ელექტრული იმპლულსებია, რომელიც გულისცემის აჩქარებას იწვევს. წინაგულთა ფიბრილაცია ხშირად არის იშემიური ინსულტის და გულის უკმარისობის განვითარების მიზეზი.
  • წინაგულთა თრთოლვა – წინაგულთა ფიბრილაციის მსგავსი არითმიაა, თუმცა წინაგულებში გავრცელებული იმპულსები უფრო ორგანიზებულია.
  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია – ეს გახლავთ იგივე პარკუჭზედა ტაქიკარდია (პარკუჭები – გულის ქვედა ღრუები), წინაგულთა ფიბრილაციისა და თრთოლვისგან განსხვავებით, ნაკლებად ასოცირდება გულის უკმარისობის და არ ასოცირდება იშემიური ინსულტის განვითარებასთან. ის, როგორც წესი, უეცარი გულისცემის აჩქარებებით (პაროქსიზმები) ხასიათდება.
  • პარკუჭოვანი ფიბრილაცია – გულის ქვედა ღრუებში (პარკუჭები) წარმოქმნილი ქაოტური, სწრაფი და არაკორდინირებული ელექტრული იმპლულსებია, რომელიც გულისცემის აჩქარებას იწვევს. ვინაიდან პარკუჭები სისხლის მიმოქცევაში მთავარ როლს ასრულებენ, გულის ამ ღრუებში განვითარებული მსგავსი ტიპის არითმია ხშირად გახლავთ სიკვდილის მიზეზი.
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია – პარკუჭთა ფიბრილაციის მსგავსი არითმიაა, თუმცა პარკუჭებში გავრცელებული იმპულსები უფრო ორგანიზებულია. პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც, დროული სმედიცინო ჩარევის გარეშე, ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი

ბრადიკარდიით მიმდინარე არითმიები

  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი – სინუსური კვანძი გახლავთ გულის რითმის მთავარი წამყვანი, მისი დისფუნქციის დროს აღარ ხდება იმპულსების სათანადო რაოდენობით წარმოქმნა, რაც ნელი გულისცემის მიზეზი ხდება.
  • ატრიოვენტრიკულური ბლოკადა – ატრიოვენტრიკულური კვანძი გახლავთ იმპულსების ერთადერთი გამტარებელი ელექტრული გზა პარკუჭებისკენ. ამ გზაში გამტარებლობის შეფერხება კი ხშირად სასიცოცხლოდ სახიფათო გულისცემის შენელების მიზეზი ხდება ხოლმე.

ბრადიკარდიის დროს, გულისცემის მკვეთრი შენელების გამო, გული ვერ გადატვირთავს საჭირო რაოდენობით სისხლს, რაც ხშირად ვლინდება თავბრუსხვევით, გულისწასვლის შეგრძნებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, გონების კარგვით და გულის გაჩერებითაც კი.

ექსტრასისტოლები - გულის ნაადრევი შეუკმშვები

ექსტრასისტოლები გახლავთ გულის ნაადრევი შეკუმშვები, როდესაც ნორმალური გულის ციკლზე ადრე ხდება სხვა იმპულსების წარმოქმნა გულში. როგორც წესი ეს იმპულსები წარმოიქმნება ბუნებრივი რითმის წამყვანის (სინუსური კვანძი) გარეთ.

თუ ექსტრასისტოლები წარმოიქმნება ზედა ღრუებში ეწოდება წინაგულოვანი ექსტრასისტოლები, თუ წარმოიქმნება ქვედა ღრუებში – პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები.

ექსტრასისტოლებს პაციენტები, როგორც წესი, გრძობენ როგორც გულის ამოვარდნას, გულისცემის გამოტოვებას. ექსტრასისტოლები ხშირად უსაფრთხოა, თუმცა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების მიზეზიც გახდეს. მაგალითად, ხშირ პარკუჭოვან ექსტრასისტოლებს შეუძლია გულის გადიდება (დილატაცია) და ამის ფონზე გულის უკმარისობა გამოიწვიოს.

არითმიის სიმპტომები

  • გულისფრიალი,
  • სწრაფი გულისცემა,
  • ნელი გულისცემა,
  • ტკივილი გულმკერდში,
  • სუნთქვის გაძნელება,
  • შფოთვა,
  • დაღლილობა,
  • თავბრუსხვევა,
  • გაბრუელბა,
  • გულისწასვლის შეგრძნება,
  • გონების კარგვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ თქვენი გული ცემს ნელა ან სწრაფად, ან თქვენი გულისცემა არარეგულარულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმ არითმოლოგს გეგმიური ვიზიტით, რათა სრულყოფილად შეფასდეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გადაუდებლად მიმართეთ კლინიკას, თუ არითმიასთან ერთად გაქვთ:

  • გულმკერდის ტკივილი.
  • სუნთქვის გაძნელება.
  • გულისწასვლის შეგრძნება ან გონების კარგვის ეპიზოდები.

დარეკეთ 112-ში, რათა მიიღოთ დროული სამედიცინო დახმარება და გადამისამართდეთ პროფილურ კლინიკაში.