რა არის არითმია?

არითმია კლინიკური მდგომარეობაა, როდესაც საქმე გვაქვს პათოლოგიურ გულისცემასთან ან გულისცემის სიხშირესთან. ამ დროს გული მუშაობს ძალიან სწრაფად, ან ძალიან შენელებულად, ან არარეგულარული რითმით. ზოგიერთი სახის არითმია განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის, არც თუ ისე იშვიათად – სიცოცხლისთვისაც კი.

გული არის ერთგვარი ტუმბო, რომელიც შედგება კუნთოვანი ქსოვილისგან და სტიმულირდება ელექტრული იმპულსების მიერ. ეს ელექტრული იმპულსები კი წარმოიქმნება და გადაადგილდება სპეციალური ქსოვილოვანი წარმონაქმნების მიერ, რომელთა გაერთიანებასაც გულის ელექტრული სისტემა ეწოდება.

არითმიის დროს გულის ელექტრული სისტემის ფუნქცია გაუმართავად მუშაობს, რაც ხშირად იწვევს გულის, როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქციის დარღვევას. სწორედ გულის ტუმბოს ფუნქციის დარღვევის ხარისხით განისაზღვრება, რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის ესა თუ ის არითმია.

  •  რას ნიშნავს ტაქიკარდია და ბრადიკარდია, რა სხვაობაა მათ შორის?

ბრადიკარდიად მიჩნეულია მოსვენების მდგომარეობაში 60 და უფრო დაბალი პულსი, ტაქიკარდიად კი – 100 და უფრო მაღალი პულსი. ტაქიკარდია და ბრადიკარდია პათოლოგიურად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისასთვის. მაგალითად სპორტცმენებს ხშირად აქვთ დაბალი პულსი, თუმცა ეს მათი ცხოვრების წესით არის განპირობებული და პათოლოგიას არ წარმოადგენს. ასე რომ დიაგნოსტირება ჯობს მივანდოთ ექიმ არითმოლოგს.

  • რა სახის არითმიებია ყველაზე გავრცელებული და რომელია მათგან ყველაზე საყურადღებო?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყურადღებო არითმია წინაგულთა ფიბრილაციაა, იგივე მოციმციმე არითმია. საქართველოში დაახლოებით 40000-მდე ადამიანია ამ არითმიით დაავადებული. აქედან 90%-ზე მეტი კი 50 წელს ზევითაა. არანამკურნალები მოციმციმე არითმია ხშირად არის გულის უკმარისობისა და იშემიური ინსულტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია ამ არითმიის დროული დიაგნოსტირება და მართვა.

NCDC: მოციმციმე არითმია ოთხ-ხუთჯერ ზრდის ინსულტის რისკს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებთან.

  • შესაძლებელია რისკჯგუფის განსაზღვრა?

ზოგადად არითმია, როგორც ასეთი, შეიძლება შეგვხვდეს, როგორც პათოლოგიურად შეცვლილ გულში, ისე აბსოლუტურად ნორმალურ გულში. თუმცა, რა თქმა უნდა პათოლოგიურად შეცვლილ გულში (გულის იშემიური დაავადება, სარქვლოვანი პათოლოგია, კარდიომიოპათია და სხვა) არითმიების სიხშირე გაცილებით მაღალია.

  • როგორია არითმიის ნიშნები და სიმპტომები?

ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ადამიანებმა არითმია ამოიცნონ, არის ელემენტარული – მაჯაზე პულსის გასინჯვა. თუ პულსი წუთში 60-ზე დაბალია, ან წუთში 100-ზე მაღალია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვაქვს ან ბრადიკარდია ან ტაქიკარდია. ამასთანავე, თუ პულსაცია ხდება არარეგულარულად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე სახის არითმია, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ პულსი არის რეგულარული (თანაბარი ინტერვალებით). 

არითმიის ნიშნები და სიმპტომებია: 

  • გულის ფრიალი
  • გულისცემის აჩქარება
  • ტკივილი გულ-მკერდში
  • ჰაერის უკმარისობა
  • ადვილად დაღლა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • წონასწორობის დარღვევა 
  • თავბრუსხვევა
  • გონების კარგვა და ასე შემდეგ

პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თავბრუსხვევისა და გონების კარგვის ეპიზოდები ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაიარონ არითმოლოგთან კონსულტაცია, შემდგომი გამოკვლევებით.

  • როგორ ვუმკურნალოთ არითმიას? 

არსებობს არითმიების მკურნალობის ორი გზა – მედიკამენტური მკურნალობა და პროცედურული მკურნალობა.  

თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ სიტუაცია მედიკამენტურად ვმართოთ, ვირჩევთ მედიკამენტურ მკურნალობას. თუ მედიკამენტი არ არის ეფექტური ან თუ ისეთი მდგომარეობაა, როცა ვიცით, შედეგი არ მოჰყვება არ მედიკამენტურ მკურნალობას, საქმე დგება პროცედურებზე – პეისმეიკერის, დეფიბრილატორის ან რესინქრონიზატორის იმპლანტაცია, კათეტერული აბლაცია და ა.შ.

ეს დარგი საკმაოდ მოწინავეა და კარგადაა განვითარებული საქართველოში, არაფრით ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. შესაბამისად. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ჩვენ დღეს საქართველოში თავისუფლად შეგვიძლია ვმართოთ ნებისმიერი სახის არითმია.  

  • როგორ ტარდება პეისმეიკერის, დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორის იმპლანტაცია?

პროცედურა კეთდება სრულიად უმტკივნეულოდ, ადგილობრივი ანესთეზიით. ამ აპარატების იმპლანტაცია ძირითადად ხდება მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე, ლავიწის ძვლის ქვემოთ, უშუალოდ კანქვეშ. კეთდება მცირე, სულ რაღაც 4-7სმ-ანი განაკვეთი.  პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათიდან 3 საათამდეა, გააჩნია რომელი აპარატის იმპლანტაციას ვახორციელებთ. საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი კი დაახლოებით 24-48 საათია. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან მოკლეა, პაციენტს იმპლანტაციის მერე დღიდან შეუძლია თავისუფლად, დამოუკიდებლად გადაადგილება.

  • რას უზრუნველყოფენ ეს აპარატები?

ზოგადად, დღევანდელი იმპლანტები ძალიან მაღალტექნოლოგიური აპარატებია. მათი მეშვეობით ხდება როგორც გულის მუშაობის მართვა, ისე ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციის ჩაწერა. ძირითადი ფუნქცია პეისმეიკერების შემთხვევაში არის დაბალი პულსის მკურნალობა; დეფიბრილატორის შემთხვევაში – უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვა; რესინქრონიზატორის შემთხვევაში კი – გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა.

  • როგორია პრევენცია, რა შეიძლება გავაკეთოთ ჯანსაღი გულისთვის?

პირველ რიგში პაციენტებს ვურჩევდი მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ სტრესულ გარემოს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და იკვებონ ბალანსირებულად. 

ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული არითმიის დროული მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკური შემოწმება. 

MayoClinic – გულის ჯანსაღი ცხოვრების წესი: მიიღეთ გულისთვის ჯანსაღი საკვები; დარჩით ფიზიკურად აქტიური; შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა; არ მოწიოთ; შეზღუდეთ ან მოერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლს; შეამცირეთ სტრესი, რადგან ძლიერმა სტრესმა და ბრაზმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პრობლემები; გამოიყენეთ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ და აცნობეთ ექიმს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილი მედიკამენტების შესახებ.