კარდიოვერსია

კარდიოვერსია

კარდიოვერსია არის არითმიის გაჩერება ელექტრული დენის დახმარებით ან მედიკამენტურად, რომელიც გადატვირთავს თქვენი გულის ელექტეულ სისტემას და ის თავიდან იწყებს მუშაობას.
გამოყოფენ კარდიოვერსიის ორ სახეს:
1. ელექტრული კარდიოვერსია, როდესაც არითმიის გასაჩერებლად გამოიყენებენ ელექტრული დენს.
2. მედიკამენტური კარდიოვერსია, როდესაც არითმიის გასაჩერებლად გამოიყენებენ მედიკამენტებს.

ელექტრულ კარდიოვერსიას აზრი აქვს, როდესაც არითმია მდგრადია და გრძელდება დროში გახანგრძლივებულად. თუ არითმია პერიოდულად თავად ჩერდება და იწყება, როგორც წესი მსგავს პაციენტებში ელექტრული კარდიოვერსია არაეფექტურია და რეკომენდებულია მედიკამენტური კარდიოვერსია, ან და კათეტერული აბლაცია.

ელექტრული კარდიოვერსიის წარმოება ხდება როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ რეჟიმში.
გადაუდებელი ელექტრული კარდიოვერსია გამოიყენება არითმიის მიზეზით განვითარებული სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობების დროს. ეს არითმიები შეიძლება იყოს: წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭთა ფიბრილაცია და სხვა.
რაც შეეხება გეგმიურ კარდიოვერსიას, ის გამოიყენება ისეთი არითმიების დროს, როდესაც ამ არითმიების არსებობის გამო პროგნოზულად დროში გახანგრძლივებულად მოსალოდნელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება.
გეგმიური ელექტრული კარდიოვერსიის ძირითადი სამიზნე, როგორც წესი, წინაგულთა ფიბრილაცია და წინაგულთა თრთოლვაა.

ყველაფერი კარდიოვერსიაზე

რა ენერგია გამოიყენება ელექტრული კარდიოვერსიისთვის?

ელექტრული კარდიოვერსიისთვის გამოიყენება ბიფაზური ან მონოფაზური ელექტრული დენი. მაქსიმალური ენერგია მონოფაზურის შემთხვევაში 360 ჯოულია. ხოლო ბიფაზურის შემთხვევაში – 200 ჯოული. ელექტრული დენი გადაკვეთავს გულს და იწვევს მისი ელექტრული სისტემის მუშაობის მყისიერ გადატვირთვას, ამის შემდეგ, როგორც წესი, გული იწყებს ნორმალური სინუსური რითმით მუშაობას.

როგორ ხდება პროცედურისთვის მზადება?

თქვენი ექიმი აგიხსნით პროცედურის დეტალებს და უპასუხებს თქვენს კითხვებს პროცედურის შესახებ.

რა საფეხურები უნდა გაიაროთ:

  • ექიმი მოგთხოვთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ხელი მოაწეროთ ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ფორმას. სანამ მოაწერთ ხელს, აუცილებლად გაეცანით დოკუმენტის შენაარს;
  • გააფრთხილეთ ექიმი, თუ ხართ მგრძნობიარე ან ალერგიული რომელიმე მედიკამენტზე: ლიდოკაინი, ანალგინი, იოდი, ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ;
  • პროცედურამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები და სითხე;
  • პროცედურის წინა ღამეს აუცილებლად მიიღეთ შხაპი;
  • თუ ფეხმძიმედ ხართ, ან ვარაუდობთ ფეხმძიმობას, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
  • გააფრთხილეთ ექიმი ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებთ. გახსოვდეთ, არსებობს მედიკამენტები რომლის დაწყება, ან პირიქით შეწყვეტა ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც პროცედურის ეფექტურობისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოებისთვის;
  • გააფრთხილეთ ექიმი კბილების პროთეზის არსებობის შემთხვევაში.
  • თუ თქვენ სამედიცინო ისტორიაში ფიგურირებს თავის ტვინის ინსულტის ან სისხლდენის ეპიზოდები, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს;
  • პროცედურის წინ ექიმი მოგთხოვთ რამოდენიმე სისხლის ანალიზის (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინი) ჩაბარებას, ელექტროკარდიოგრაფიისა (ეკგ) და ექოკარდიოგრაფიის გაკეთებას, რათა ექიმი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც გაზრდის პროცედურის ეფექტურობას და თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს;
  • პროცედურა ჩვეულებრივ კეთდება ზოგადი ანესთეზიით, როგორც წესი სრულიად უმტკივნეულოდ.
  • თქვენი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ექიმი შეიძლება თქვენს მდგომარეობას ინდივიდუალურად მიუდგეს.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

ჩვეულებრივ პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 10-15 წუთია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი  საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პროცედურის შესახებ:

  1. პროცედურამდე თქვენ შეიძლება მოგთხოვონ სამკაულებისა და სხვა ნივთების მოხსნა;
  2. ასევე მოგთხოვენ ტანსაცმლის გახდას და მოგცემენ სპეციალურ ხალათს;
  3. პროცედურის წინ სასურველია შარდის ბუშტის დაცლა;
  4. თუ თავზე გაქვთ გრძელი თმა, სასურველია მისი შეკვრა;
  5. თუ საპროცედურო არეები (გულმკერდი) იქნება თმიანი, მოხდება მათი გაპარსვა და შესაბამისი ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავება;
  6. თქვენ ჩაგიყენებენ პერიფერიული ვენის კათეტერს, რომლის საშუალებითაც პროცედურის დროს მოხდება წამლების შეყვანა;
  7. პროცედურის დროს თქვენ იწვებით ზურგზე სამედიცინო საწოლში;
  8. თქვენს სხეულზე დაამაგრებენ რამოდენიმე კაბელს, რათა თქვენი სასიცოცხლო პარამეტრები (გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის შემცველობა) იყოს მუდმივი მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ;
  9. პროცედურაზე ინტრავენურად გაგიკეთდებათ გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის და შიშის მოხსნაში.
  10. სედაციის ფონზე ჩაგიტარდებათ ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფია) – ამ გამოკვლევის დროს დგინდება რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის კარდიოვერსიის ჩატარება; ადგენს რა გულის ღრუებში თრომბის არსებობა—არარსებობას, რითიც მინიმუმამდე დაჰყავს პროცედურის შემდეგ იშემიური ინსულტის განვითარების რისკი.
  11. გულში თრომბის არსებობის შემთხვევაში პროცედურა გადაიდება დაახლოებით 1 თვით (ამ დროში სპეციალური წამლებით – სისხლის გამათხელებლებით მოხდება ამ თრომბის დაშლა).
  12. თუ გამოირიცხება გულის ღრუებში თრომბის არსებობა, ანესთეზიოლოგი დაგაძინებთ, შემდეგ კი სხეულზე დაგიკავშირებენ ორ ელექტრულ პედს, რომელთა შორის გავლილი დენი გადატვირთავს თქვენი გულის მუშაობას, რაც უმეტეს შემთხვევაში არითმიის გაჩერებით მთავრდება.

 

გახსოვდეთ, ჩვეულებრივ ელექტრული კარდიოვერსია საკმაოდ უსაფრთხოა.

პროცედურა ტარდება სრულიად უმტკივნეულოდ, ზოგადი ანესთეზიის ფონზე. 

როგორ უნდა მოვიქცე პროცედურის შემდეგ?

კლინიკაში

  • პროცედურის შემდეგ ექიმი გადაამოწმებს თქვენ სასიცოცხლო პარამეტრებს;
  • გულმკერდში ტკივილის, სისუსტის, გულისფრიალის, გულისცემის აჩქარების და სხვა ნებისმიერი პრობლემის შესახებ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ექთნის ინფორმირება;
  • რამოდენიმე წუთი აუცილებელია წოლითი რეჟიმი;
  • გააქტიურება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თავდაპირველად წამოჯექით საწოლში და შემდგომ რამოდენიმე წუთში ფრთხილად გადაადგილდით ექთნის თანდასწრებითა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებით;
  • კვებას შეძლებთ პროცედურის დასრულებისთანავე რამოდენიმე წუთში;
  • თქვენ გეყოლებათ თქვენი პალატის ექიმი, რომელიც მოგცემთ სპეციალურ ინსტრუქციას და დანიშნულებას;
  • ბინაზე გაწერა მოხდება პროცედურის შემდეგ რამოდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ, როგორც წესი, იმავე დღეს.

 

სახლში

  • თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას რამოდენიმე დღეში;
  • კითხეთ ექიმს როდის შეიძლება სამსახურს დაუბრუნდეთ; პერიოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი ინდივიდუალურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამსახურის სპეციფიკაზე.

დაუკავშირდით ექიმს, თუ გექნებათ:

  • მკვეთრი გულის აჩქარება ან გულისფრიალი;
  • დაბალი გულისცემის სიხშირე – “დაბალი პულსი”;
  • ძლიერი ზოგადი სისუსტე;
  • თავბრუსხვევა და გონების კარგვა;
  • ტკივილი და ზეწოლა გულმკერდში;
  • რომელიმე კიდურში ძალის დაქვეითება ან მეტყველების გაძნელება.

 

გახსოვდეთ, კარდიოვერსია არ გახლავთ არითმიის მექანიზმის მუდმივი მოცილება გულიდან. ძირითადად ის გახლავთ არითმიის დროებით გაჩერება. არითმიის რეციდივის შემთხვევაში, ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი კარდიოვერსია ან კათეტერული აბლაცია. კარდიოვერსიის შემდეგ კვლავ დაგჭირდებათ არითმიის სამკურნალო წამლები. 

როგორია რეკომენდაციები თუ პროცედურა უეფექტო იქნება?

1. მსგავს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს არითმიის მუდმივ ფორმაში გადაყვანა და ისე მართვა.
2. განხილულ უნდა იქნას კათეტერული აბლაციის საკითხი – როგორც სარგებელი, ისე რისკები.