არითმოლოგი 👨⚕️ მხოლოდ თქვენი გულისთვის 🫀
არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე და მისი გუნდი
რა არის არითმია, რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? 🥼
არითმია ეწოდება გულისცემის არარეგულარულობას, მკვეთრ აჩქარებას ან შენელებას. არითმია ხდება მაშინ, როცა ელექტრული იმპულსები რომლებიც განაგებენ გულისცემის სიზუსტეს არ ფუნქციონირებენ გამართულად.
ზოგიერთი არითმია აბსოლიტურად უსაფრთხოა. ზოგი კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების განვითარების მიზეზი გახდეს.
ხშირად ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა) და ბრადიკარდია (ნელი გულისცემა) შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად. მაგალითად, გული უფრო სწრაფად სცემს ფიზიკური დატვირთვის დროს, მისი მუშაობა ნელდება ძილისა და მოსვენების პერიოდში, ბავშვების გული უფრო სწრაფად სცემს, სპორცმენების და კარგად ტრენირებული ადამიანების გული კი ნელა.
არითმიების მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტების, ისე სხვადასხვა პროცედურის დახმარებით, როგორიცა ელექტრონული მოწყობილობების იმპლანტაცია (პეისმეიკერი, დეფიბრილატორი, რესინქრონიზატორი) ან კათეტერული აბლაცია.
დეფიბრილატორის იმპლანტაცია არის მცირე ზომის ელექტრული მოწყობილობის ჩანერგვა კანქვეშ, რომელიც ვენების გავლით უკავშირდება გულს. მისი მთავარი ფუნქციაა გულის ელექტრული სისტემის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი, სიცოცხლისთვის საშიში არითმიების აღმოჩენა და მათი გაჩერება.
გულის უკმარისობის დროს გულის ტუმბოს ფუნქცია დაქვეითებულია. ის ვერ გადაისვრის იმ საჭირო მოცულობის სისხლს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
გულის უკმარისობის სიმპტომებია:
- სუნთქვის გაძნელება;
- ადვილად დაღლა და სისუსტე;
- ფეხების შეშუპება;
- სწრაფი ან არარეგულარული პულსი;
- ხველა;
- მუცლის შეშუპება;
- მადის დაქვეითება;
- და სხვა.
ჰოლტერის მონიტორინგი არის ხანგრძლივი ელექტროკარდიოგრამის ჩანაწერი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც მაგრდება სხეულის ზედაპირზე, სადაც ჩაიწერს გულის რითმის ელექტრულ აქტივობას. ძირითადად გამოიყებება 24 ან 48 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი.
პეისმეიკერის სახეები:
ერთკამერიანი პეისმეიკერი: იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია ერთ ელექტროდთან (ძირითადად მარჯვენა პარკუჭი). ერთკამერიანი პეისმეიკერი ძირითადად ინერგება მუდმივი ფორმის წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმია) მქონე პაციენტებში, რომლებსაც ასევე აქვთ მკვეთრად დაბალი გულისცემის სიხშირე (პულსი).
ორკამერიანი პეისმეიკერი: იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია ორ ელექტროდთან (მარჯვენა წინაგული და პარკუჭი).
სამკამერიანი პეისმეიკერი: იმპულსის წარმომქმნელი დაკავშირებულია ძირითადად სამ ელექტროდთან (მარჯვენა წინაგული, მარჯვენა პარკუჭი და მარცხენა პარკუჭი).
სამკამერიანი პეისმეიკერი გამოიყენება სპეციფიკური ტიპის გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
ზოგჯერ გულის უკმარისობის დროს პარკუჭები იკუმშება ასინქრონულად, რაც მნიშვნელოვნად არღვევს გულის ტუმბოს ფუნქციას – მცირდება გულიდან გადასროლილი სისხლის მოცულობა და ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. სამკამერიანი პეისმეიკერი ორივე პარკუჭს ერთდროულად აწვდის იმპულსებს, აღადგენს გულის სინქრონულ მუშაობას, რაც უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს გულის უკმარისობის მკურნალობაში. პარკუჭების ასინქრონულ შეკუმშვას ძირითადად ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა იწვევს. მკურნალობის ამ მეთოდს ეძახიან გულის რესინქრონიზაციულ თერაპიას (CRT).
ასევე ნებისმიერი სახის პეისმეიკერს შეიძლება ჰქონდეს დეფიბრილატორის ფუნქცია.