ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელ მოზარდებში შეიძლება არითმია გამოიწვიოს

როგორც Journal of the American Heart Association-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებამ ჯანმრთელ მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს არითმიის განვითარება, განსაკუთრებით კი პირველი ორი საათის განმავლობაში. მოზარდობის ასაკში მსგავსი არითმიების რისკის შემცირება შეიძლება დაგვეხმაროს უეცარი კარდიული სიკვდილისა და ზრდასრულ ასაკში გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილია დაბინძურებული ჰაერის ნეგატიური ზემოქმედება ზრდასრული ადამიანის გულ-სიხლძარღვთა სისტემაზე, ეს კვლევა არის პირველი, რომელშიც შეფასებულია დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება მოზარდებზე საერთო პოპულაციაში.

როგორც კვლევის წამყვანი ავტორი და ინსტრუქტორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერებებში Fan He, Ph.D ამბობს: ,,მიუხედავად იმისა, რომ ექსტრასისტოლები იშვიათად იწვევენ უეცარ კარდიულ სიკვდილს, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის მატებას ახალგაზრდებში“.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებში და მოზარდებში მსგავსმა უარყოფითმა ზეგავლენამ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს გულ-სოსხლძარღვთა დაავადებების რისკზე მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში.

კვლევაში შესწავლილი იყო შესუნთქული წვრილდისპერსიული ნაწილაკების ზეგავლენა მოზარდების გულის რითმზე. ეს წვრილი ნაწილაკები (PM 2.5 ) ზომით 2.5 მიკრონზე ნაკლებია, თავისუფლად ხვდებიან ღრმად ფილტვეში და სისხლის მიმოქცევაშიც კი. ეს ნაწილაკები, როგორც წესი, გამოიყოფა საწვავის წვისას და გარემოში ხვდება მანქანის გამონაბოლქვთან ერთად ან ტყის ხანძრების დროს. ამ ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვა უარყოფითად მოქმედებს ფილტვებზე და გულის მკვებავ სისხლძარღვებზე, რაც არითმიის განვითარების მიზეზი ხდება.

მკვლევარებმა გაანალიზეს მონაცემები 322 მოზარდის ჯანმრთელობის შესახებ (კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 17 წელი, 56% – მამრობითი სქესის, 79% თეთრკანიანი, არაესპანურენოვანი წარმოშობის მოზარდი), რომლებიც ცხოვრობდნენ პენსილვანიაში. აღნიშნული კვლევა მიმდინარეობდა 2002-დან 2006 წლამდე. ბავშვების ეს ჯგუფი თავისუფალი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. მკვლევარებმა გაზომეს ჰაერში არსებული წვრილი ნაწილაკების ზემოქმედება, რომელსაც თითოეული მოზარდი სუნთქავდა 24სთ-ის განმავლობაში (სპეციალური მოწყობილობის ნეფელომეტრის გამოყენებით) და თითოეულ მოზარდს ჩაუტარეს 24სთ-იანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგი ჰოლტერის აპარატის გამოყენებით.

კვლევამ გამოავლინა:

  • მონაწილეთა 79%-ს ჰქონდა სულ მცირე ერთი არარეგულარული რითმი 24სთ-იანი კვლევის პერიოდში. ამ ჯგუფიდან 40%-ს ჰქონდა მხოლოდ წინაგულების ნაადრევი შეკუმშვა, 12%-ს კი ჰქონდა მხოლოდ პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვა და 48%-ს ჰქონდა ორივე;
  • დაფიქსირდა ნაადრევი პარკუჭოვანი შეკუმშვების რიცხვის 5%-ით ზრდა ზემოქმედებიდან 2სთ-ის განმავლობაში;
  • კავშირი ნაწილაკების კონცენტრაციასა და წინაგულების ნაადრევი შეკუმშვის რაოდენობასთან არ იქნა გამოვლენილი.

როგორც ავტორი ამბობს: შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჰაერის ხარისხი რჩებოდა EPA-ს (აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო) მიერ დადგენილ ჯანმრთელობაზე დაფუძნებულ სტანდარტებში.

შედეგები შეესაბამებოდა ზრდასრულებში ადრე იგივე მეთოდებით მიღებულ მონაცემებს, თუმცა პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვების რაოდენობის ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო ზრდასრულებში. კვლევის ავტორების თქმით, მოზარდებში გულის არარეგულარული რითმის რისკის შემცირებამ შეიძლება შეამციროს ზრდასრულებში გულის დაავადებების განვითარების რისკი.

ამერიკის გულის ასოციაციის 2020 წლის განცხადების მიხედვით, გლობალურ კვლევაზე დაყრდნობით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ფართოდ არის აღიარებული გულ- სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისა და სიკვდილის ხელშემწყობ ფაქტორად. 2017 წელს მყარი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება დაკავშირებული იყო 7 მილიონზე მეტ ნაადრევ სიკვდილთან და 147 მილიონი ჯანსაღი ცხოვრების წლის დაკარგვასთან მთელს მსოფლიოში.

ამ კვლევის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი აშკარად არის ის, რომ კვლევა ადასტურებს, რომ ჯანმრთელი ახალგაზრდებიც კი არ არიან დაცული PM 2.5 ნაწილაკების ზემოქმედებისა და მათი არასასურველი ეფექტებისაგან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2022/09/220914102224.htm